ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ისრაელი შეუერთდა იმ 32 ქვეყანას, „რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს“.
„სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არასდროს არის გვიან. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერისთვის და მთავრობის მინისტრებს იმ რეზოლუციის ერთხმად დამტკიცებისთვის, რომელიც ჩემი ინიციატივით ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ითვალისწინებდა. ამით ისრაელი შეუერთდა 32 ქვეყანას, რომლებმაც ისტორიული სიმართლე აღიარეს და უარყვეს მისი უარყოფის მცდელობები”, – დაწერა საარმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების სისტემურ განადგურებასა და იძულებით დეპორტაციას გულისხმობს. თურქეთი აღიარებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბევრი სომეხი ოსმალურ ძალებთან შეტაკებებისას დაიღუპა, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს მსხვერპლის რაოდენობას და დღემდე უარყოფს, რომ ეს მკვლელობები სისტემატურად იყო ორგანიზებული და გენოციდს წარმოადგენდა.

