ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას ირანთან, თუმცა შესაძლოა, „მალე კვლავ საჭირო გახდეს მოქმედება“ ისლამური რესპუბლიკის მიერ შექმნილი „ეგზისტენციალური საფრთხეების“ მოსაშორებლად, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე დარტყმები მიიღო, რომელმაც ის ყველა სფეროში წლებით უკან დახია.
„აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კოორდინაციით, ხელმძღვანელობს ძალისხმევას, რათა კამპანიის მიზნები ისე დასრულდეს, რომ ირანი აღარ იყოს საფრთხე ისრაელის, შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროს არსებობისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვუჭერთ მხარს ამ ძალისხმევას და უზრუნველვყოფთ საჭირო მხარდაჭერას, მაგრამ შესაძლოა, მალე კვლავ მოგვიწიოს მოქმედება მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

