შაბათი, მაისი 3, 2025

ირლანდიიდან საქართველოში დეპორტირებულ 39 პირს შორის ქალები და ბავშვებიც არიან

ირლანდიის იუსტიციის მინისტრის, ჯიმ ო’კალაჰანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეპორტირების შესახებ ბრძანება არ შეასრულეს, წუხელ ჩარტერული რეისით საქართველოში 40-მდე ადამიანი დააბრუნეს, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

დუბლინის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 39 დეპორტირებული ადამიანი გაფრინდა, რომლებიც დღეს დილით საქართველოს დედაქალაქში ჩავიდნენ.

ირლანდიის პოლიციის ეროვნული საიმიგრაციო ბიუროს ცნობით, ყველა ბავშვი თავისი ოჯახის უფროს წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ წლის დასაწყისში განახლებული ჩარტერული რეისები უკანონო მიგრანტთა დეპორტირებისთვის გამოიყენეს.

ირლანდიის პოლიცია, იმიგრაციის პოლიტიკის განსახორციელებლად, იუსტიციის დეპარტამენტთან ერთობლივ მუშაობას გააგრძელებს

მიმდინარე წლის თებერვალში, 32 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და ერთი ბავშვი, რომლებიც დეპორტირების შესახებ ბრძანებას ექვემდებარებოდნენ, საქართველოში დააბრუნეს.

მინისტრი ო’კალაჰანი ამბობს, რომ ვინაიდან საზღვრების დაცვა მისი უწყების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ის კანონის აღსრულებაზე კონტროლს ამკაცრებს.

„იმ ადამიანების სწრაფი და სამართლიანი დაბრუნება, ვისი განაცხადებიც არ დაკმაყოფილდა, თანამედროვე წესებზე დაფუძნებული იმიგრაციული პროცესის საფუძველის წარმოადგენს“.

მისივე თქმით, თუ ადამიანებს ირლანდიაში ყოფნა სურთ, მათ ეს შესაბამისი სამართლებრივი გზებით უნდა გააკეთონ.

„გაძევების ოპერაცია წარმოადგენს მკაფიო შეტყობინებას, რომ ჩვენი კანონები დაცული უნდა იყოს და ხაზს უსვამს მთავრობის განზრახვას, დაიცვას ჩვენი იმიგრაციული სისტემის მთლიანობა“, – აღნიშნა მინისტრმა ო’კალაჰანმა.

მან ხაზგასმით თქვა, რომ ირლანდიის ეროვნული პოლიცია და იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თუ ამა თუ იმ პირს ქვეყნის დატოვება უბრძანეს, მან ეს ბრძანება აუცილებლად შეასრულოს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხორციელდება დამატებითი ჩარტერული რეისები იმისთვის, რომ „დეპორტირების სისტემამ უფრო სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს“.

„წუხელ დუბლინიდან კიდევ ერთი სადეპორტაციო რეისი გაფრინდა, რომელიც დღეს დილით უსაფრთხოდ დაეშვა საქართველოში. ბორტზე იმყოფებოდა 39 ადამიანი, რომლებსაც დეპორტირების ბრძანება მიღებული ჰქონდათ, მაგრამ ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ“.– Jim O’Callaghan TD (@OCallaghanJim) May 1, 2025

მანვე დასძინა, რომ ქართული თემის ბევრი წევრი ირლანდიაში კანონიერად იმყოფება და მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, აგრეთვე კულტურულ და სოციალურ წინსვლაში.

კომერციულ რეისებთან ერთად, უკანონო მიგრანტების დეპორტირებისთვის, ჩარტერული რეისებიც გამოიყენება. მთავრობის განმარტებით, ეს იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილას იგზავნება.

იძულებითი გაძევება ხორციელდება როგორც უკანასკნელი ზომა, როდესაც შესაბამისმა პირმა სახელმწიფო არ დატოვა ან ნებაყოფლობითი დაბრუნების შემთხვევებისთვის გათვალისწინებული დახმარების ზომებით არ ისარგებლა.

„დეპორტირების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, პირს სთავაზობენ დახმარებას ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის და ეს უპირატესი, სასურველი ვარიანტია“, – ამბობს ო’კალაჰანი.

„იძულებით გაძევების გარდა, ჩემი დეპარტამენტი მნიშვნელოვნად ზრდის ნებაყოფლობით წამსვლელთა რაოდენობას და მე ვთხოვ მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, ამით ისარგებლონ“, – დაამატა მან.

ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს დეპორტირების შესახებ 2 403 ბრძანებას მოეწერა ხელი, რაც 180%-ით მეტია, 2023 წელთან შედარებით.

2024 წელს ირლანდია, სხვადასხვა, მათ შორის იძულებითი დეპორტირებისა და ნებაყოფლობითი დაბრუნები მექანიზმების გამოყენებით, 1 116 ადამიანმა დატოვა.

მიმდინარე წელს დეპორტირების შესახებ 1,386 ბრძანებას მოეწერა ხელი და სახელმწიფო 647-მა ადამიანმა დატოვა.

ნებაყოფლობითი დაბრუნება არის შესაძლებლობა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ირლანდიაში ყოფნის ლეგალური სტატუსი, მათ შორის მათთვის, ვისაც საერთაშორისო დაცვაზე უარი ეთქვა.

ასეთი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ამ პირის მიმართ დეპორტირების ბრძანება არ გაიცემა.

2023 წელს ნებაყოფლობითი დაბრუნების მსურველთა რიცხვმა 213 შეადგინა, 2024 წელს კი მათი რაოდენობა 934-მდე გაიზარდა.

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, ნებაყოფლობითი დაბრუნება ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ადამიანების გაყვანის უპირატეს მეთოდს წარმოადგენს.

წყარო:rte.ie/news

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საბერძნეთი: საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირი, ჯაშუშობის ბრალდებით, ალექსანდროპოლისში დააკავეს

59 წლის მამაკაცი, რომელიც 29 აპრილს, ჯაშუშობის ბრალდებით, ქალაქ ალექსანდროპოლისში დააკავეს, მისი გადამბირებლის ინსტრუქციებს ასრულებდა. ქართველი ემიგრანტი ბერძენი გამომძიებელი მოსამართლის წინაშე პარასკევს, 2 მაისს წარდგება. გამოძიების მასალებისა და ბერძნული დაზვერვის ოფიცრებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების თანახმად, გადამბირებელმა, დავალებებთან ერთად, მას დეტალური ინსტრუქციები მისცა, თუ როგორ დარჩენილიყო შეუმჩნეველი ალექსანდროპოლისში არსებული ბერძნული და ნატო-ს სამხედრო ბაზების ფოტო და ვიდეო-გადაღებების დროს. მანვე ურჩია სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა და, რადგან 59 წლის იყო, - ხელჯოხის ხმარება ბორცვებზე ასასვლელად (თითქოს, ლაშქრობაზე იყო), რათა სამხედრო ბაზების ფოტოები და ვიდეოები შემაღლებული ადგილებიდან გადაეღო. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ემიგრანტი ფოკუსირებული იყო სამხედრო მასალებზე, რომლებსაც ალექსანდროპოლისის პორტში მყოფი გემებიდან გადმოტვირთავდნენ ხოლმე და თავად იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ეს მასალები იტვირთებოდა. გადაღებულ მასალას ის, დაშიფრული აპლიკაციის მეშვეობით, უგზავნიდა თავის გადამბირებელს - ასევე ქართველ ემიგრანტს და გამოცდილ მაფიოზს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, როგორც გამოძიებამ გაარკვია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (GRU) უკრაინისთვის განკუთვნილი საომარი მასალების და მათი ტრანსპორტირების საშუალებების აღრიცხვის მიზნით გადაიბირა.რატომ სჭირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხმელეთიდან გადაღებები, როცა რუსეთს კოსმოსური თანამგზავრები გააჩნია სადაზვერვო წრეებიდან მიღებული განმარტებით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ობიექტის ახლოდან გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ოპერაციებზე სამხედრო დაზვერვის სამსახურები მუშაობენ. რუსეთი ამას აკეთებს საბრძოლო მასალების და მათი ტრანსპორტირების გზების სრული სურათის მისაღებად, რათა მოპოვებული ფოტო და ვიდეო-მასალა შემდგომში საბოტაჟისთვის გამოიყენოს, როგორც ეს ბულგარეთსა და პოლონეთში მოხდა. გარდა ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბაზები აშშ-ს მიერ გამოიყენება, ასევე განხორციელდა მათი სატელიტური კარტოგრაფირება. თუმცა, გემები, ხშირად ღამით იტვირთება და გადაზიდვები მაშინ ხორციელდება, როდესაც სატელიტური კავშირი ვერ ხერხდება. ამიტომ, შემდგომი ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვისთვის ხმელეთიდან მონიტორინგი აუცილებელია. საქართველოდან ემიგრირებულ 59 წლის მხატვარზე არჩევანი კონსპირაციული მოსაზრებიდან გამომდინარე შეჩერდა. გარდა ამისა, ჯაშუშობის გამოაშკარავების შემთხვევაში, სპეცსამსახურებთან მისი პირდაპირი კავშირი ვერ დადასტურდებოდა. მას შემდეგ, რაც GRU-ს შუამავალს მასალას გაუგზავნიდა, 59 წლის მიგრანტი ამ მასალას თავის მობილურ ტელეფონში მალევე შლიდა. ამიტომ, ბერძენმა სამართალდამცავებმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის მასალები იპოვეს. თუმცა, სპეციალური საშუალებით ადრე გაგზავნილი მასალის აღდგენაც მოახერხეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ საქართველოდან წასულმა მიგრანტმა ჯაშუშური საქმიანობა, სულ მცირე, ექვსი თვის წინ დაიწყო და მოპოვებულ მასალას დამკვეთს გასული წლის შემოდგომიდან უგზავნიდა. დაკავებულმა მამაკაცმა, რომელიც პრორუსულ განწყობებს ღიად გამოხატავდა და რომელთან კონტაქტი მაფიოზმა შუამავალმა დაამყარა, აღიარა, რომ მისი გადაბირება, თავდაპირველად, ფულადი ჯილდოს შეთავაზების გზით მოხდა. ამასთან, მან ეს ნებაყოფლობით გააკეთა და შუამავალს უთხრა, რომ ამას „დედა რუსეთისთვის“ გააკეთებდა, რომლის არმიაშიც ახალგაზრდობაში მსახურობდა და, ამასთან, გარკვეულ პერიოდში ციმბირშიც იმყოფებოდა. რაც შეეხება GRU-ს მიერ დაქირავებული მაფიოზს, რომელიც ასევე ქართველი ემიგრანტია, მის შესახებ მოხდა ლიეტუვას საიდუმლო სამსახურების ინფორმირება და ამჟამად ისიც დაკავებულია. მისი საქმის გამოძიებას ადგილობრივი და ერთობლივი სამსახურები აწარმოებენ. ეს არის რუსული ჯაშუშობის ალბათ ყველაზე სერიოზული შემთხვევა საბერძნეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

კარგი ამბავი! – ბათუმში დაკარგული ბავშვი მშობლებთანაა

ბათუმში, 4 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებს ეძებდა უკვე ოჯახთანაა.ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მიაწოდეს.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთს საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა.ბიძგების ეპიცენტრი 12,55 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

„11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა…“ – პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი - გამოძიებამ დაადგინა, რომ 40 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დანაშაულის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული.გაირკვა, რომ 40 წლის კაცს კიდევ 4 მსხვერპლი ჰყავდა. მოზარდები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან ყველაზე დიდი 14-ის, ხოლო პატარა 11 წლის არის.არასრულწლოვანებთან კონტაქტისთვის მოძალადე ერთი და იგივე მეთოდს იყენებდა - შექმნილი ჰქონდა "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" ყალბი პროფილები, მოზარდებს უგზავნიდა პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ესაუბრებოდა სექსუალური შინაარსის საკითხებზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, აიძულებდა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაეღოთ და მისთვის გადაეგზავნათ. უარის შემთხვევაში, ემუქრებოდა და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.Facebook-მიმოწერა პედოფილიის გახმაურებულ საქმეზე ახალი მტკიცებულებაა - შინაარსით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი 11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.40 წლის მამაკაცი, თებერვალში, თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებულის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლებშიც არასრულწლოვანების ინტიმური შინაარსის მასალები აღმოჩნდა. მოძალადე ბავშვების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდა.პედოფილიაში მხილებული ახლა საპატიმროშია და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია - დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მარკო რუბიომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას შენიღბული ტირანია უწოდა – ეს დემოკრატია არ არის, გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მკაცრად აკრიტიკებს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა.„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის – ეს შენიღბული ტირანიაა. ნამდვილად ექსტრემისტული პოპულარული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

ბოლო სიახლეები