ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ხელნაწერი წერილი, რომელიც სავარაუდოდ, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის ეკუთვნის.
წერილი ასევე გამოქვეყნდა ალი ლარიჯანის პირად გვერდებზე „ტელეგრამსა“ და „იქს“-ში. თეირანში ამტკიცებენ, რომ წერილი ლარიჯანიმ დღეს დაწერა.
წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.
სავარაუდოდ ლარიჯანის წერილში პატივისცემა არის გამოხატული იმ ირანელი საზღვაო ქვეითებისადმი, რომლებიც 4 მარტს შრი-ლანკის სანაპიროსთან ამერიკული წყალქვეშა ნავის მიერ ირანულ სამხედრო გემზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
ირანში დღეს დაღუპული 84 ირანელი მეზღვაურის პატივსაცემად ცერემონიალი გაიმართება.
მანამდე ალი ლარიჯანიმ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მუსლიმური ქვეყნების მხრიდან ირანის მხარდაჭერის ნაკლებობაზე საუბრობს.
„არცერთი ისლამური მთავრობა არ დადგა ირანელი ხალხის მხარდამხარ, გარდა იშვიათი შემთხვევებისა და შეზღუდული პოლიტიკური პოზიციისა. აშშ და ისრაელი არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის მუსლიმური ირანი და წინააღმდეგობის ძალები. რომელ მხარეს ხართ თქვენ?“, – ნათქვამია ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.

