აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით „ძალიან საშიში წითელი ხაზი“ გადაკვეთა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ „სიენენის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ხამენეის მკვლელობაზე რეაგირებას მსოფლიოს მრავალი შიიტი მოახდენს.
„რა თქმა უნდა, რელიგიური ასპექტიდან გამომდინარე, ის დიდი რელიგიური ლიდერი იყო, ამიტომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში ბევრი შიიტი ამაზე რეაგირებას მოახდენს და ეს ძალიან აშკარაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა“, – განაცხადა საიდ ხატიბზადემ.
„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ“, – აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ამასთან, მისივე თქმით, ირანს კომუნიკაცია ჰქონდა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან, რათა მათ დაეხურათ აშშ-ის ბაზები, რომლებსაც თეირანი საფრთხედ მიიჩნევს.
„ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა: ან დაეხურათ ის ამერიკული ბაზები, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან ირანს და მუდმივად ირანის შეურაცხყოფისთვის იყენებენ, ან უბრალოდ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ“, – განაცხადა საიდ ხატიბზადემ.
მისივე განცხადებით, „ირანს ამერიკის მიწამდე მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ბაზას შეუტიოს“.

