ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანმა პრესკონფერენცია გამართა

უპირველეს ყოვლისა მინდა, დიდი მწუხარებით გამოვთქვამ ღრმა სამძიმარს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. იგი იყო გავლენიანი პიროვნება, მაღალი ღირსების ადამიანი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მან გამოიჩინა განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება საკუთარი ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეებისა და განსაცდელების დროს. ირანელებისთვის, რომელთაც სწამთ ქრისტეს აღდგომის, მისი სახელი განასახიერებს ადამიანს, რომელიც მტკიცედ სწამს უფლისა  და აღდგომის დღისა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი სახელი ირანშიც ყოველთვის კეთილად იხსენიებოდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც პირველმა არაქართველმა პოლიტიკურმა ფიგურამ მსოფლიოში, მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა პოსტი და უსურვა გამოჯანმრთელება. მეც, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, როგორც საქართველოში მყოფმა პირველმა დიპლომატმა, Facebook-ზე გავაზიარე სამძიმრისა და თანაგრძნობის ტექსტი ირანის სახელმწიფოსა და ხალხის სახელით. ერთ წინადადებით რომ ითქვას: იგი იყო რწმენის, იდენტობის, თანადგომისა და მშვიდობის ხმა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს.

• როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ არ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორი და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის საფუძველზე, ვახორციელებთ ლეგიტიმურ თავდაცვას. ჩვენ წინასწარ გამიზნული თავდასხმის მსხვერპლი გავხდით და არასამხედრო ობიექტები, მათ შორის მინაბის სკოლა, გახდა ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევის პირველი მაგალითები. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ყოველთვის მკაფიო პოზიცია გვქონდა მეზობელი და არამეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის წინააღმდეგ (ქუვეითი, ავღანეთი, ერაყი, იემენი, საქართველო და უკრაინაც კი), სამწუხაროდ, ზოგიერთმა ქვეყანამ თავი შეიკავა აგრესიის დაგმობისგან. ისინი მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი ფორმულირებებით გამოხატავდნენ თანაგრძნობას, მათ შორის აგრესორი სახელმწიფოების მიმართაც. ეს ჩვენთვის მიუღებელია და მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჩვენს მომავალ ქმედებებსა და ურთიერთობებზე, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა და არასტაბილურობა აშკარაა. ტრამპის პოლიტიკა ცხადყოფს, რომ ადრე თუ გვიან სუსტი ქვეყნები დიდი ძალების ზეწოლასა და ექსპანსიას შეეჯახებიან. ასეთ ვითარებაში საერთაშორისო პასუხისმგებლობის უგულებელყოფას მძიმე შედეგები ექნება. ჩვენი დიპლომატები შესაბამის ქვეყნებში უკვე გამოთქვამენ ამ პრეტენზიებს საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე.

• ამ ომის ხასიათი იცვლება და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით იგი სრულმასშტაბიან ეკონომიკურ ომად გარდაიქმნება. ირანმა ამ მიმართულებითაც აჩვენა თავისი მნიშვნელოვანი გავლენის შესაძლებლობა. ირანის გეოპოლიტიკური მდებარეობა — ქვეყანა, რომელსაც 15 მოსაზღვრე ჰყავს ხმელეთსა და ზღვაზე და წვდომა აქვს უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებზე — ფლობს განსაკუთრებულ უპირატესობას, რომელიც აგრესორებმა სათანადოდ ვერ გაითვალისწინეს. სწორედ ამიტომ, მათი ტრადიციული მოკავშირეებიც კი, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს აშშ-სა და ისრაელს, ახლა ღიად აცხადებენ, რომ არ აპირებენ ახალი კოალიციის მხარდაჭერას ჰორმუზის სრუტის საკითხში. ჩვენ ვაფასებთ ევროპული ქვეყნების მზარდ სიფრთხილეს, და ვიმედოვნებთ, რომ ეს მათი პოზიციების გადახედვის დასაწყისი იქნება. ქვეყნებში, სადაც ადრე ირანში რეჟიმის ცვლილებაზე საუბრობდნენ, დღეს უკვე უფრო გონივრული ხმა ისმის. მსგავსი ცვლილებები შეიმჩნევა აშშ-შიც — ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ტრამპის დანიშნულმა პირმა, სინდისის კარნახით დატოვა თანამდებობა და განაცხადა, რომ ირანი არ წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და კონფლიქტი ისრაელის ლობირების შედეგია.

• განხორციელებულმა აგრესიამ უკვე გამოიწვია 1531 ადამიანის დაღუპვა და 20141 დაშავება. მიუხედავად რთული პირობებისა და სამედიცინო ობიექტებზე თავდასხმებისა, ირანის სამედიცინო პერსონალმა 735 მძიმე ოპერაცია ჩაატარა. არსებული ვითარებისა და სანქციების ფონზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, მათ შორის წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე, იწყებენ სამედიცინო დახმარების მიწოდებას. გასულ კვირას შევხვდი საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს დახმარებისთვის.

• ბატონი ალი ლარიჯანი, რომელიც გუშინ დაიღუპა, წარმოადგენს იმ თაობის სიმბოლოს, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე საკუთარი სიცოცხლე გაიღო. ასეთი ადამიანები არ ტოვებენ სამშობლოს და იცავენ იმ ღირებულებებს, რომელთა შენარჩუნებისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ირანელი ხალხი. ასეთი მოვლენები, მიუხედავად დანაკარგისა, აყალიბებს გმირებს და ამყარებს ეროვნულ სიამაყეს.

• ირან-საქართველოს ურთიერთობები სამი ათასწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი ისტორია და კულტურა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ოთხასი წლის წინ იმამყული ხან უნდილაძე იბრძოდა პორტუგალიელ კოლონიზატორებთან საზღვაო აკვატორიის დასაცავად. დღეს მსურს ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავუზიარო ქართველ საზოგადოებას: ირანული სამხედრო გემ „დენას“ ერთ-ერთი ოფიცერი, ქართული წარმოშობის ჰამიდ ფაროხბახში, რომელიც შრი-ლანკადან ირანში ბრუნდებოდა, ამერიკული ავიაციის თავდასხმის შედეგად ინდოეთის ოკეანეში ჩაიძირა. იგი 124 სამხედრო მოსამსახურეს შორის არის, რომლებიც ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან ან დაღუპულები არიან. მისი დაღვრილი სისხლი ამ ომში მიემატა ირანელებისა და ქართველების მიერ დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის დაღვრილ სისხლს. ამასთან დაკავშირებით, მინდა მივუსამძიმრო ქართველ ხალხს.

• ის, რაც ისრაელმა ამ ომში გააკეთა, წარმოადგენს მცდელობას, მართოს სიონისტური რეჟიმის შიდა კრიზისი მას შემდეგ, რაც მოხდა სამოცდაათი ათასი უდანაშაულო ადამიანის ხოცვა და ღაზის განადგურება. ისრაელის პარალელურად, რაც ტრამპმა გააკეთა ამერიკაში, მიზნად ისახავდა საკუთარი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნების სექსუალური და ეთიკური სკანდალების დაფარვას ეპშტეინის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკა, რომლის ფასსაც გადაიხდიან ამერიკელი ხალხი და იუდეველი მორწმუნეები მთელ მსოფლიოში. ეს აღარ არის მხოლოდ მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქარიშხალ „კატრინაზე“ ძლიერად მიემართება აშშ-ისა და მსოფლიო ინდუსტრიული სექტორისკენ. ეს კრიზისი 2030 წლამდე დატოვებს ღრმა და ფართომასშტაბიან გავლენას.

• ამჟამად ყველა ქვეყანა აფასებს ამ ომის გავლენას საკუთარი ეკონომიკის მომავალზე. თავად საქართველოში, ომის პირველივე კვირაში გაუქმდა დაახლოებით 20 რეგულარული და რამდენიმე ჩარტერული რეისი. ასევე შეიმჩნევა კაპიტალის გადინება სპარსეთის ყურის სამხრეთ ქვეყნებიდან აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს რეგიონში მშენებლობისა და ურბანული განვითარების სექტორზე.

• ამ მდგომარეობის გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს ახალი მოთამაშეების ჩართვასაც. სახიფათო აქტორები, რომლებიც ისრაელის მენეჯმენტით მოქმედებენ, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებით უშვებდნენ რაკეტებს ნახჭევანის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და ომანის მიმართულებით. ეს მიუთითებს მცდელობაზე, რომ ომი გახდეს რეგიონული და შეიცვალოს მთელი დასავლეთ აზიის პოლიტიკური გეოგრაფია, განსაკუთრებით იმ ქვეყნების საზიანოდ, რომლებსაც აქვთ წვდომა ღია ზღვებზე — მათი ტერიტორიული ცვლილებების გზით შეიზღუდოს საერთაშორისო წყლებზე წვდომა და შემცირდეს მათი წილი საზღვაო სივრცესა და წყალქვეშა რესურსებზე.

• ჩვენთვის სასურველი მომავალი ეფუძნება ახალი ბალანსის ჩამოყალიბებას, რომელიც გააძლიერებს შეკავებას და ხელს შეუშლის რეგიონულ არასტაბილურობას.

• ირანი ამ ისტორიულ ეტაპზე მხარს უჭერს „სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, თუმცა „არასოდეს დათმობს ეროვნულ უსაფრთხოებას“.

• ველით, რომ სხვა ქვეყნებიც, განსაკუთრებით ჩვენი ახლო და შორეული მეზობლები, დაიცავენ გაეროს ქარტიის  ფუნდამენტურ პრინციპებს და არ დაუშვებენ, რომ აგრესიულმა სახელმწიფოებმა მათი საჰაერო სივრცე, სამხედრო და სადაზვერვო შესაძლებლობები ან დეზინფორმაციული ოპერაციები ( „ცრუ დროშის“ ოპერაციები) გამოიყენონ, რათა მათი ქვეყნები გადაიქცეს დამანგრეველი ომის ასპარეზად.

• ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიის ფანჯარა ყოველთვის ღიაა.

• თეირანი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი და ეროვნული უსაფრთხოება, როგორც თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძველი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი სულიერი ლიდერის პირობებში”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან…“ – სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მაყურებელმა არაერთი სასწაულის ისტორია მოისმინა, რომელიც პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება.ხატის ასლი საქართველოში 2002 წელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ არა ერთი ონკოლოგიური პაციენტი განკურნა.სასწაულების შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მორჩილი მარინე საუბრობს.„3 წლის ბავშვი გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი, მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, ძვლებზეც გადასული იყო, დაავადება ახრჩობდა. პანტანასას ზეთს გერმანიაში უგზავნიდნენ, რომ მისთვის ზეთი მუდმივად ეცხოთ, ის ბავშვი ახლახან ჰყავდათ მოყვანილი, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობოდა…საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო – ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ ამ დაავადებასთანო, 15 მეტასტაზი ჰქონია თავში. ზეთისცხების წყალობით განიკურნა, გახარებული და გაბრწყინებული მოვიდა, თავიდან 15 მეტასტაზი გაუქრა. უიმედობა არ არსებობს, ღვთისთვის და დედა ღვთისმშობლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სურვილი დავანახოთ, ამ ყველაფერს ღვთისმშობელი აკეთებს. აქ მარტო ონკოპაციენტები არა, სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით მოდიან ადამიანები და ღვთისმშობელი უნუგეშოდ არავის არ ტოვებს“, – აღნიშნავს მორჩილი მარინე.

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კატარის საგარეო უწყება – ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად

კატარში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა“.როგორც კატარის საგარეო სამინისტროში აღნიშნავენ, „ირანი განაგრძობს ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს“.უწყებაში აცხადებენ, რომ კატარი „იტოვებს პასუხის უფლებას“ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად.მანამდე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ბოლო სიახლეები