რეგიონში აშშ-ის ბაზები სამიზნედ გადაიქცევიან, თუ ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა.
ლარიჯანის თქმით, კატარი დადებით როლს ასრულებს თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობაში.
„მოლაპარაკებებს თავისი გზა აქვთ და მათ შეუძლიათ, ნაყოფი გამოიღონ, თუ ისინი რეალიზმითა და ურთიერთპატივისცემით წარიმართება. სარაკეტო პროგრამა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ჩვენთვის არავის მოუცია ბირთვული ტექნოლოგია; ჩვენ ის ჩვენივე შინაგანი ძალისხმევით მივიღეთ“, – აღნიშნა ალი ლარიჯანიმ.
ლარიჯანიმ ასევე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტზე და განაცხადა, რომ ისრაელი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟს და ომის გასაჩაღებლად საბაბს ეძებს.
„ბირთვული პროგრამის გარდა, არცერთ საკითხზე არ იქნება მოლაპარაკებები. ვაშინგტონთან საერთო პოზიცია გვაქვს იმაში, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი არ გვაქვს. ვაშინგტონისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია და ომანში მოხდა შეტყობინებების გაცვლა. ვაშინგტონთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, მოლაპარაკებები წარმატებული იყოს და ჩვენი პოზიცია მათ მიმართ დადებითია. აშშ-მა მოლაპარაკებებში ჩართვით რაციონალური გზა აირჩია. ურანის გამდიდრების სრულ შეჩერებაზე საუბარი არ არის, რადგან ეს ენერგეტიკისა და მედიკამენტების წარმოების სფეროებში გვჭირდება. ისრაელი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟს და საბაბს ეძებს ომის ალის გაღვივებისთვის. ისრაელი არა მხოლოდ ირანის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

