ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ირანის ელჩი – ირანის თავდაცვა გაგრძელდება, ვიდრე იქნება საომარი ოპერაციები, ჩვენ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩათვალო და მარტივად აღიქვა, რომ შეიძლება ძალიან მალე ომით დააჩოქო – ტრამპი აღმოჩნდა დაუსრულებელ ომში

ირანს ომი არ დაუწყია. როგორც 2025 წლის ზაფხულში, ისე 2026 წლის ზამთარში ჩვენ ვიყავით ჩართული მოლაპარაკების პროცესში და აღმოვჩნდით თავდასხმის ობიექტივში, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ​თავდასხმებიდან ერთი საათის შემდეგ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უკვე თავდაცვითი ნაბიჯები გადადგა.

„ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და გაერო-ს ქარტიით. შესაბამისად, ამ საომარი ოპერაციების დაწყებისთანავე, მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში. მაშინ თბილისში დიდთოვლობა იყო, რომელმაც გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ელექტროენერგიის, კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამ საომარი ოპერაციებიდან დაახლოებით რამდენიმე საათში მოვახერხე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. საგარეო უწყებაშიც განვაცხადე, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, ჩვენი შეიარაღება გვაძლევს საშუალებას, თუნდაც ერთი საათის განმავლობაში, ჩვენ მოვახდინოთ ძალების მობილიზება და დავიცვათ ქვეყანა, რომლის ფართობი მილიონ 600 ათასი კვადრატული კილომეტრია“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

მისივე თქმით, გასული 37 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი შეზღუდვისა და ძალიან საშინელი სანქციებისა, ირანმა შეძლო განვითარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.

„ყველას დავანახეთ, რომ არავის მივცემთ უფლებას, ხელყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამის შემდეგ უკვე განცხადებას აკეთებს აშშ-ის ომის მინისტრი, რომ ირანის რეჟიმი აღარ არსებობს და უკვე მსოფლიო მიდის უკეთესი ცვლილებებისკენ. ჩვენთვის საკითხავია, თუკი ისლამური ხელისუფლება აღარ არსებობს, მაშინ ამერიკა ვის ებრძვის?! მოჩვენებას ებრძვის?! რომელი ხელისუფლებაა, რომელიც ბომბავს ამერიკის სამხედრო ბაზებს რეგიონში. ვინ გაწირა თუნდაც ამერიკელი სამხედროები სასიკვდილოდ, რომლებიც შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში და დაარღვიეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.

ომის დაწყებამდე, ორი თვის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებთან გვქონდა კომუნიკაცია, გავაფრთხილეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ, რა შედეგები მოჰყვებოდა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის დაწყებას. ასეთივე მესიჯები არა მარტო ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან, არამედ კავკასიელ მეზობლებთანაც მივიტანეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი აწ განსვენებული თავდაცვის მინისტრი ბაქოში შეხვდა პრეზიდენტ ალიევს და ორი დღით ადრე ირანში იმყოფებოდა ასევე სომხეთის თავდაცვის მინისტრი. ზოგადად, ჩვენ ყველა მეზობელ ქვეყანასთან, როგორც აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით, სამეზობლოში ყველა ქვეყანასთან გვქონდა კომუნიკაცია და ისინი გავაფრთხილეთ. მათ ცალსახად და ღიად განვუცხადეთ, რომ ამ ქვეყნების მხრიდან ირანის წინააღმდეგ თუკი იქნება რაიმე ნაბიჯი გადადგმული, ირანი შესაბამის პასუხს გასცემს. მათ განაცხადეს, რომ მათი საჰაერო სივრცე, ტერიტორიები, საზღვაო აკვატორია არანაირად არ გადაეცემა ამერიკას, რომ ამერიკამ გამოიყენოს ისინი ირანის წინააღმდეგ. ჩვენ როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკის ბომბდამშენები ქუვეითიდან იღებდნენ სტარტს, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ის ადგილი დაგვებომბა.

თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ქუვეითში დაიღუპნენ მათი ჯარისკაცები. ამ ფაქტმაც აჩვენა, რომ სამწუხაროდ, ამერიკამ ბოროტად გამოიყენა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები ირანის წინააღმდეგ. ჩვენი თავდასხმების ობიექტს არ წარმოადგენს კონკრეტულად მეზობელი ქვეყნები, არამედ ამ მეზობელ ქვეყნებში განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზები, ლოგისტიკური ცენტრები და დაზვერვის ობიექტები. ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, სტრუქტურა, რომელიც შეიძლება, სუსტად ჩათვალო და საომარი ოპერაციებით დააჩოქო“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.

მისივე თქმით, „ირანი ყოველთვის მიისწრაფვის მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ და რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ“.

„გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენდაო. საფრთხეს თუკი არ წარმოადგენდა, რას ნიშნავს ყოველდღიურად მილიარდი დოლარის ხარჯვა ამ უაზრო ომისთვის. საინტერესო იქნება, ამერიკის ოფიციალური პირების, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მინისტრის განცხადებები შევადაროთ ერთმანეთს. მათში ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი წინადადებებია. ტრამპი აცხადებს, რომ ჩვენი მიზანია ირანში რეჟიმის შეცვლა, საპირისპიროს ამბობს ჯეი დი ვენსი. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საერთოდ აღარ არსებობს ირანის რეჟიმიო. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფვით მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ და რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ. ჩვენ, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას, მიწა-წყალს და ღირსებას.

საქართველოში ტანისამოსის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო ხანჯალი, ხმალი, რადგან ყოველთვის იყო ომებში, დაპირისპირებებში. ქართველი ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყო თავდაცვისათვის. ჩვენც მიგვაჩნია, რომ მივედით იმ დასკვნამდე, გვქონდეს მშვიდობა. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის. შესაბამისად, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უკვე კარგად გამოჩნდა, თუნდაც ირანის ფარგლებს გარეთ. ჩვენთან არც ელექტროენერგია გათიშულა, არც ენერგოკრიზისი შეგვქმნია და არც საკომუნიკაციო სისტემაში ყოფილა რაიმე პრობლემები. ეს საომარი ოპერაციები როდესაც დასრულდება, უკვე ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე.

ქვეყნის თავდაცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე იქნება საომარი ოპერაციები. ამაში ჩვენ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე და მტერი არის ჩვენს ფარგლებს გარეთ. ჩვენი რაკეტები როდესაც მათი ავიამზიდების მიმართულებით მიდის, ისინი წინ ვეღარ მოიწევენ და პირიქით, უკან იხევენ. მტერს ერთადერთი შეუძლია – მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების გამოყენება. ჩვენც ჩვენს სამეზობლოში მეზობელ ქვეყნებს ვაჩვენებდით და ახლაც დავანახეთ, რომ ირანი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონულ გადათამაშებებში და ირანის უგულვებელყოფა ძალიან რთულია“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

მისივე თქმით, „ირანის კიდევ ერთი მტერი არის ისრაელი, რომელმაც აშშ ჩაითრია ომში და საკმაოდ დიდ ხარჯებში ჩააგდო ამერიკელი გადასახადის გადამხდელები“.

„ისრაელის რეჟიმმა ღაზაში 50 000-ზე მეტ მშვიდობიან მოსახლეს, ქალსა თუ ბავშვს მოუსწრაფა სიცოცხლე. გუშინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჩვენ ომი დავუწყეთ ისეთ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს ახალი შიიზმისა და სუნიზმის დაბადებას. ეს მესიჯი უკვე რელიგიური ომის მომასწავებელია. არადა სუნიტურ სახელმწიფოებთან ისრაელს გაფორმებული აქვს აბრაამის შეთანხმება და მაშინ რატომ ეშინია სუნიტური სამყაროსი. შესაძლოა, რომ მას თურქეთისაც ეშინოდეს, თუნდაც ეგვიპტის.

ვფიქრობ, შეიძლება ტრამპისთვის 3-4 კვირა იყოს გადამწყვეტი, მაგრამ ჩვენთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ომი როდესაც დასრულდება, საკმაოდ დიდ ცვლილებას გამოიწვევს მსოფლიო გეოპოლიტიკაში. მიმაჩნია, რომ მოფიქრებული უნდა იყოს გარკვეული მექანიზმები, რათა კატასტროფის მასშტაბები არ გაიზარდოს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ. დაბომბვების დროს, ერთ-ერთი ობიექტი იყო გოგონათა სკოლა, სადაც 158 ბავშვი დაიღუპა, დაიბომბა მუზეუმი, რომელიც იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში იყო შეტანილი. იუნესკო-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია რაიმე განცხადება. შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები კვლავ განმეორდეს“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

მომზადებულია საქართველოში ირანის საელჩოს თარგმანის მიხედვით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – მინდა, ვისურვო, რომ საქართველოს ჰქონდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით

მიმაჩნია, რომ სომხეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.მისივე თქმით, სომხეთსა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რსებული პრობლემები და გამოწვევები დაძლიონ.„საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, რაც ხანგრძლივ ტრადიციას ეფუძნება. არავისთვის არის უცხო, რომ საქართველო სომეხი ტურისტებისთვის იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი დანიშნულება დასვენებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში, აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გქონდა საშუალება, გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დააფუძნეს.მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი, ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება.დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული, საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება „ტრამპის გზის“ („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“) საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა ფაშინიანმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ილჰამ ალიევმა აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო აზერბაიჯანში ირანის ელჩს მიუსამძიმრა – „ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გავიხსენებ აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს“

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმარი გამოთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში ირანის ელჩს, მუჯათაბ დემირჩილუს შეხვდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანის ელჩთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გაიხსენებს აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს, რომლებიც ირანში ვიზიტის დროს შედგა.მედიის ცნობით, ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საელჩოში მისვლისთვის და სამძიმრისთვის.

პედრო სანჩესი – ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან, მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში არ შეგვიძლია

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან და არ შეგვიძლია მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტში ჩართულმა ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და ერთგულება გამოხატონ დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ.„ჩვენ, დანარჩენებმა უნდა ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად და დავიცვათ ახლა იგივე ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ღაზაზე, ვენესუელასა, თუ გრენლანდიაზე. საკითხი არ არის იმაში, ვართ თუ არა აიათოლების მომხრე. არავინ არის. რა თქმა უნდა, არც ესპანელი ხალხი და, ცხადია, არც ესპანეთის მთავრობა. საკითხი უფრო იმაშია, ვართ თუ არა საერთაშორისო სამართლის და, შესაბამისად, მშვიდობის მხარეს. ჩვენ რაც ვიცით, არის, რომ (ირანის ომი) არ გამოიწვევს უფრო სამართლიან საერთაშორისო წესრიგს, არც უფრო მაღალ ხელფასებს, უკეთეს საჯარო მომსახურებას ან უფრო ჯანსაღ გარემოს. ფაქტობრივად, რისი წინასწარ განჭვრეტაც ამ მომენტში შეგვიძლია, არის მეტი ეკონომიკური გაურკვევლობა, ნავთობის და გაზის ფასების ზრდა. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ესპანეთში ამ კატასტროფის წინააღმდეგ. მთავრობები აქ არიან იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუმჯობესონ, პრობლემების გადაწყვეტა უზრუნველყონ და არა იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება გააუარესონ. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ის ლიდერები, რომლებსაც ამ მისიის შესრულება არ შეუძლიათ, ომის კვამლს იყენებენ თავიანთი წარუმატებლობის დასამალად. და, სხვათა შორის, ჯიბეების გასავსებად – ერთადერთი, ვინც იმარჯვებს, როდესაც მსოფლიო წყვეტს საავადმყოფოების მშენებლობას რაკეტების გასაკეთებლად. სწორი სიტყვაა მოთხოვნა, რადგან ესპანეთი არის ევროკავშირის, ნატო-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ეს კრიზისი გვეხება ჩვენც, ევროპელებს, შესაბამისად, ესპანელებსაც. სწორედ ამიტომ უნდა მოვთხოვოთ შეერთებულ შტატებს, ირანსა და ისრაელს, შეჩერდნენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

ირანული მედია – ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბეს

ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბეს, – ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.გავრცელებული ცნობით, სამხედრო გემი საწვავით იტვირთებოდა ამერიკული ტანკერიდან, რომელიც ირანის სანაპიროდან 650 კილომეტრში იმყოფება.ირანული მედიის თანახმად, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედროებმა ამერიკულ გემს Qadr-360-ის და Talaeiyeh-ის რაკეტებით დაარტყეს. ირანული დაზვერვის მონაცემებით, გემბანზე ძლიერი ხანძარი იყო.

ირაკლი კობახიძე – საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა, სომხეთს მადლობა გადავუხადო ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის

ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას.„მსურს, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები. შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს.„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საქართველოსა და სომხეთს შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სომხეთს ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები