პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული არაერთი მიმართულებით

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული არაერთი მიმართულებით, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კელი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია და აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში.

“ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და , პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით.
მათ შორის მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს.

მე ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. მე ასევე მინდა შემდეგი გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი, კიდევ და კიდევ მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ეს არის ჩემი პასუხი”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის” მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) კოორდინატორია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, „ჰორიზონტი ევროპის” საგრანტო პროექტ FORGE-AI-ის განხორციელებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული. სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, სამწლიან პროექტ FORGE-AI-ში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სტარტაპებთან ერთად, ჩართულია 13 პარტნიორი უნივერსიტეტი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან. მათი ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი FORGE-AI-ის ფარგლებში შექმნილი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების კონსორციუმის მეცნიერებსა და მკვლევრებს მორიგ წარმატებას ულოცავს. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, ასევე ხორციელდება „ჰორიზონტი ევროპის” კიდევ ერთი საგრანტო პროექტი - „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის "ნეთვორკინგის" და "თვინინგის" ინიციატივა - GAIN. „მეცნიერთა ჯგუფს, ქართული და უცხოური უნივერსიტეტების გაერთიანებას ვულოცავ მორიგ წარმატებას. პროექტი - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ - მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და უზრუნველყოს მდგრადი პირობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ახალგაზრდა მკვლევართა კარიერული ზრდისა და მეცნიერული წინსვლისთვის. ეს არის შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, ასევე, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვისა და დემონსტრირებისთვის. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელით, საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს”, - აცხადებს დავით გურგენიძე. სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის - „ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის“ (FORGE-AI - FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) - განხორციელება 2025 წელს, სავარაუდოდ გაზაფხულზე, სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება.

ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა და ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2 500 ლარი

თბილისის საქალაქოს სასამართლომ "კოლიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააჯარიმა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეუჩერა. "იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2,500ლ ვაი ვაი" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუკში". შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2024 წლის 2 დეკემბერს  თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ. დალავებიდან რამდენიმე საათში "კოალიცია ცვლილებებისთვის"ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა: "გარეთ ვარ"

გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეა

"ლიონის" გულშემატკივრებმა გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ხმა მისცა 13 500-ზე მეტმა ქომაგმა, რამაც ხმების 76% პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე რაიან შერკია (22%), ხოლო მესამეზე - ნიკოლას ტალიაფიკო (2%). შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ დეკემბერში 3 გოლი გაიტანა.

ბოლო სიახლეები