კვირა, მაისი 11, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა

მივესალმები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების ვიზიტს ბათუმის პორტში. მივესალმებით, ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, მათ ეკიპაჟებსა და პირად შემადგენლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

„საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ძალიან ძლიერი დატვირთვა გააჩნია. საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ერთგული მოკავშირე და მონაწილე. ჩვენ კარგად გვესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამიზნული გვაქვს ჩვენი მოკავშირეების დახმარება ამ მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. სარდლობებს შორის თავსებადობა, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნები და კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ძალების გაერთიანება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეგობრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბათუმში ყოფნისას გაეცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. მინდა, ჩვენს სტუმრებთან ერთად, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს, თითოეულ ამერიკელს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით უდგას საქართველოს. ჩვენი მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩამობრძანებისთვის და წარმატებულ ვიზიტს გისურვებთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდების ეკიპაჟის წევრებს და პირად შემადგენლობას.

ამერიკულ ხომალდზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და მეექვსე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

„მაქვს პატივი, ხომალდ „მაუნთ უიტნისა“ და „არლი ბურკის” კლასის მართვად სარაკეტო გამანადგურებელ ხომალდ „პორტერს” დავხვდე საქართველოში. ამ ხომალდების ეკიპაჟის და პირადი შემადგენლობის ბევრი წარმომადგენელი ამ მშვენიერ ქვეყანას პირველად ეწვია, თუმცა ეს ხომალდები აქ ბევრჯერ ყოფილან. ძალიან ვამაყობთ, რომ კვლავ დაბრუნდნენ დღეს. „მაუნთ უიტნიმ“ 2008 წლის სექტემბერში – რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დროს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 17 ტონა მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ეს იყო ამ ხომალდის პირველი შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში და შეხედეთ, რამდენად წინ წავიდა ამ პერიოდში საქართველო. ამ დიდებული ხომალდების ისტორია და მათი ეკიპაჟების შესაძლებლობები და მიღწევები შთამბეჭდავია. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი. ერთი თვე არც არის გასული შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტისგან, რომელმაც ბრძოლის ველზე ქართველ მეომრებთან ერთად ყოფნა გაიხსენა და მადლიერება გამოხატა მათდამი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების და მოკავშირეების მეომრებთან ერთად 22 ათასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა წვრთნებსა და ბრძოლებში. ამ ხომალდების ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა შეერთებულ შტატებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინტეგრირებული საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები განახორციელონ სამხედრო და ჰუმანიტარული მისიით, როდესაც მოგვმართავენ და როდესაც საჭირო ვხდებით მსოფლიოში. თქვენი აქ ყოფნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მადლობას გიხდით – ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ვიცე-პრემიერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, საზღვრის დაცვისა და საზღვაო პატრულირების სამსახურების ხელმძღვანელებო ამ ვიზიტის ხელშეწყობისთვის და – რაც უფრო მნიშვნელოვანია – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.

საქართველოს და ბათუმს ამერიკული ხომალდებისა და ეკიპაჟების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

„საქართველოს მხარდაჭერას უშუალოდ შეაქვს წვლილი საერთო საზღვაო უსაფრთხოებაში შავი ზღვის რეგიონში. მასპინძელმა ქალაქმა ჭეშმარიტი სითბოთი და მასპინძლობით მიიღო ჩვენი მეზღვაურები, ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა. მე დიდად ვაფასებ ამას. მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებს და ქართველ ხალხს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიების მხარდაჭერისთვის. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. შეერთებული შტატები განუხრელად ერთგულია მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებისადმი და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარების სფეროში დახმარებისადმი. თქვენი წვლილი უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში იმის დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და საზღვაო აკვატორიაში საერთო ინტერესები და ფასეულობები გაგვაჩნია. საქართველოში გასულ თვეში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა – „საქართველომ განუხრელად და მყარად დაუჭირა მხარი შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა განვამტკიცო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამერიკის საზღვაო ძალები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და მოკავშირეებთან – მათ შორის საქართველოსთან – ერთად აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას და სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში. არც ერთ ქვეყანას ძალუძს ცალკე საფრთხეებთან გამკლავება და ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექვსი ერის საზღვაო ფლოტის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს ამ შესაძლებლობისთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს აძლიერებს“, – აღნიშნა ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები