ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდის დაისვენებენ სკოლები და საბავშვო ბაღები – ნახეთ, დეტალები

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასვენების დღედაა გამოცხადებული 9 აპრილი; 18-21 აპრილი (აღდგომის დღეები); 9 მაისი; 12 მაისი; 26 მაისი.რაც შეეხება მეორე სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობას, იგი განსხვავებულია პირველი, მეთორმეტე და მეორე-მეთერთმეტე კლასელებისთვის; II-XI კლასებისთვის 96 სასწავლო დღეა განსაზღვრული (სწავლის დასასრული – 13 ივნისი); I კლასის მოსწავლეებისთვის 83 დღე; (სწავლის დასასრული – 27 მაისი); XII კლასის მოსწავლეებისთვის 79 დღე (სწავლის დასასრული – 20 მაისი).

ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია ეხება „საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას“. მას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო.რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დელეგაცია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს, საქართველოში მიმდინარე გაღრმავებული პოლარიზაციის გამო.„ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა დემოკრატიის სწრაფმა და დრამატულმა გაუარესებამ სულ უფრო ნეგატიური გავლენა მოახდინა ადგილობრივ დემოკრატიაზე საქართველოში. ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც უარყოფილ იქნა ყველა ოპოზიციური პარტიის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ, გამჭვირვალობის სერიოზული პრობლემების გამო, და ამის შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა“,-აღნიშნულია რეზოლუციაში.კონგრესი ასევე შეშფოთებას გამოხატავს „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში არსებული რთული სამუშაო პირობების გამო, მას შემდე რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) სადაო მიღება მოხდა“.„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი, მიუხედავად იმისა, კრიტიკული იქნება იგი ხელისუფლების მიმართ, თუ საერთაშორისო გავლენის ქვეშ იქნება. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიებმა ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში, დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება.ამასთან, საქართველოში შეკრების თავისუფლება შეზღუდა ბოლო დროს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სანქციების გაზრდასა და საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციამ, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა“.საუბარია ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამოხატულ შეშფოთებაზე, „რომელიც საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიზებასთან, ადმინისტრაციული რესურსების მასშტაბურად ბოროტად გამოყენებასთან და საარჩევნო კამპანიების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან არის დაკავშირებული“.„საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ბოლო არჩევნების შემდეგ 20-ზე მეტჯერ შეიცვალა ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე. ეს არ შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს. აღნიშნულმა ცვლილებებმა გააძლიერა მმართველი პარტიის გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რითაც საფრთხე ექმნება მის დამოუკიდებლობას“, – ნათქავამია რეზოლუციაში.დელეგაცია აღნიშნავს, რომ „სწორედ ამ ხარვეზებმა და გამოწვევებმა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაუკარგა ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რამაც დააზიანა ადგილობრივი დემოკრატია, რაც ხელს უშლის 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების სანდოობას, სინამდვილეში, ეს რისკს უქმნის სიტუაციის გამწვავებას“.

„როიტერი“ – ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის

ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის, – ამის შესახებ „როიტერი“ ვრცელ სტატიას ავრცელებს.როგორც ცნობილია, ევროპაში სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, ალტერნატიული გზის მოძებნა საჭირო გახდა იმიტომ, რომ არსებობს პოლიტიკური და ლოგისტიკური შეზღუდვები, აგრეთვე რუსეთისა და შეერთებული შტატების მოსალოდნელი წინააღმდეგობა.მიუხედავად იმისა, რომ ლონდონი და პარიზი რამდენიმე კვირაა, გეგმაზე მუშაობენ, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნას უკრაინაში მომავალი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, დიპლომატები აღიარებენ, რომ ასეთი ძალის გაგზავნა სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.„უკრაინა როდესაც უფრო კარგ ვითარებაში იყო, სამხედრო ძალების გაგზავნის იდეა მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ ამჟამად, იმ ვითარებაში, რომელიც არის და აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაციის პირობებში, ეს აღარ არის მიმზიდველი“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა „როიტერთან“.„როიტერი“ წერს, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია, რაც მკაცრ გარანტიებს ითხოვს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმა, როდესაც ომი დასრულდება. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი როდესაც ვაშინგტონში ტრამპს შეხვდნენ, მაშინვე გაუზიარეს აშშ-ის პრეზიდენტს სამხედროების გაგზავნის იდეა, რაზეც ტრამპი არ იყო უარყოფითად განწყობილი, თუმცა მოგვიანებით, ამერიკაში ამ იდეის მიმართ უფრო მეტი სკეპტიკურად განეწყო. როგორც მედია აღნიშნავს, მაშინ ბრიტანეთიც და საფრანგეთიც აშშ-სგან ითხოვდა „სარეზერვო“ გარანტიას, უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში, თუმცა რას გულისხმობდნენ ამაში, უცნობია.შეგახსენებთ, 27 მარტს საფრანგეთში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი. „როიტერი“ წერს, რომ პარიზის სხდომაზე განხილვა შეეხება სხვადასხვა საკითხს, მაგალითად, როგორ გაძლიერდეს უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით მომავალი თავდასხმების შესაკავებლად, როგორ მოხდეს ზღვასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რაც განხილული იქნა აშშ-ის მიერ რუსეთთან შეხვედრის დროს საუდის არაბეთში.

„სოფლიდან, მისი სურვილის წინააღმდეგ წამოიყვანეს….” ახალი დეტალები დაკავებული ცოლ-ქმრის საქმეში, რომლებიც უნარშეზღუდულ ქალს სექსს აიძულებდნენ

ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის, ხათუნა და ლევან აბულაძეების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.საქმეში დევს შშმ ქალის დედის გამოკითხვის ოქმი, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ სცადა შვილის წაყვანა სოფელში, თუმცა ბრალდებულები ჩავიდნენ მასთან და იგი დააბრუნეს იგივე ადგილას იძულებით გააგრძელა საქმიანობა.ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულთა დანაშაულს დაადასტურებს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და სრული მოცულობით დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ასევე დაცვის მხარეს ჰქონდა მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მათ მიმართ საქმეზე იქნება გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე გადაეცა არსებით განხილვას. არსებით განხილვაზე ბრალდების მხარე გამოიკვლევს ყველა მტკიცებულებას და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდება ბრალდებულების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენა“, - ამბობს პროკურორი.

ზურაბ ქადაგიძე “მთავარ არხს”: თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო, ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, თქვენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა და ამიტომ...

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ტელეკომპანია "მთავარ არხს" მიმართავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება.როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, "მთავარ არხში" მშვენივრად იციან, რომ ეს დახმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შემადგენელი ნაწილია, თუმცა, ვინაიდან მათთვის არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო და არც საქართველო არაფერს ნიშნავს, ამიტომ ეს თემაც საქილიკოდ აქციეს. "ასეთი და ამდენი უსამშობლო როგორ შეიყარეთ ერთად? განა არ იცით, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნაწილია იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ჰქვია?! განა არ იცით, რომ ირიბად ეს ფინანსური დახმარება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩვენი ისტორიული მიწების არაღიარების პოლიტიკის?! ცხადია იცით, მაგრამ თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო... თქვენთვის ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, ძალაუფლების მიტაცების გარდა არაფერს აქვს მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ აქციეთ საქილიკოდ ის თემა, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო იქნებით მუდამ უმცირესობაში, გათიშულები ქართული საზოგადოებისგან - პოლიტიკურ სანაგვეზე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ბოლო სიახლეები