პარასკევი, იანვარი 31, 2025

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოს წევრად რჩება, მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის, საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანოა

ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო.

„პირველ რიგში, აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი. თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რამე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

თავის დროზე ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში. კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით და რა თქმა უნდა, ამ თემებზე განვაგრძობთ მუშაობას ევროსაბჭოს ფორმატში“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ევროპულ სივრცეს ვერანაირად დავშორდებით, რადგან ჩვენ ვართ ევროპა, მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს, რომ პოლიტიკურადაც ვართ ევროპა

ჩვენ ევროპულ სივრცეს ვერანაირად დავშორდებით, რადგან საქართველო ვართ ევროპა. მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს, რომ პოლიტიკურადაც ვართ ევროპა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „აღმოჩნდა, რომ ზუსტად ჩვენ ვართ იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ბევრმა დაკარგა. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ ღირებულებებზე, რომელიც 20 იანვრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ თურმე მართლაც ჭეშმარიტება ყოფილა. თურმე, მართლაც ორი სქესი ყოფილა. ვნახეთ საიას ხელმძღვანელის დაბნეული პასუხები ამასთან დაკავშირებით. როგორც სქესი, ისევე გენდერი არის ორი - არის ქალი და არის კაცი - ეს თქვა ტრამპმა 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ თავისი აღმასრულებელი ბრძანებებით. სამყაროს თავს ახვევდნენ იდეებს, რომელიც რეალობაში არ არსებობს, რომელიც არის ფარსი. თითქოს ადამიანს აქვს არჩევანი და არსებობს ოფციები, რომ შეიძლება ადამიანი ერთ დღეს დაჯდეს და თქვას, რომ მოდი დღეს მე ასეთი სქესის ვიქნები ხვალ - ისეთი. ასეთ ტყუილში იხარჯებოდა მილიონები, ადამიანის ტვინის გამორეცხვა ხდებოდა. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ის, რის გამოც ევროკომისიამ გადაწყვიტა ქართველების დასჯა, შარშან ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ „გამჭირვალობის შესახებ კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ყოფილა ის, რასაც ვამბობდით და ეს ყოფილა ჭეშმარიტება, რომელსაც ახლა ყველა აღიარებს. დააკვირდით ოპოზიციის გუშინდელ რეაქციებს, რომ 28 ნოემბრიდან მოყოლებული ისინი, მათი უცხოელი მფარველები და ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი, რომელიც საქართველოში მუშაობს, ატყუებდნენ ქართველებს, მათ ნერვებზე მუშაობდნენ იმისთვის, რომ თითქოს 28 ნოემბერს რაღაცაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნათია თურნავა – ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს. როგორც ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული. „ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. დოლარი გამყარდა ბოლო პერიოდში ევროსთან და ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან მიმართებაში. ლარის კურსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს, თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. განსხვავებით წინა საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო მაღალი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ეს კვირა რომ ავიღოთ, ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, მზარდია ტურიზმიდან შემოსავლები. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სავალუტო შემოდინებებს, რომელიც ახლა სტაბილურია. აქ მნიშვნელოვანია ტურიზმიდან შემოსავალი. წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე შემოსავლების კუთხით ზრდა არის. ძალიან რთულია ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთო ისეთ დროს, როცა გაქვს არა ფიქსირებული ლარის კურსის, არამედ მცურავი კურსის პოლიტიკა. ინფლაცია კვლავ რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ეს გვიწერია კიდეც კანონში. ფასების დონე შედგება როგორც ადგილობრივ ისე იმპორტულ პროდუქციისა და მომსახურების ფასებისგან. იმპორტული პროდუქციის ფასები კი პირდაპირ დაკავშირებულია ლარის- ევროსა და ლარი-დოლარის კურსთან. ლარი როდესაც უფასურდება, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტული საქონლის გაძვირება ან მაგალითად, როდესაც ხდება სასაქონლო ფასების, მაგალითად ნავთობის, ზეთის და სხვა პროდუქტების გაძვირება, ეს აისახება ფასებზე. რაც შეეხება ჩვენს ადგილობრივ ფასებს, მთელი თვეების განმავლობაში, მიზნობრივ 3%-ზე დაბალი რჩებოდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მიგრაცია ლიეტუვაში: მეტი ფილიპინელი, ნაკლები უკრაინელი

ლიეტუვას მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მიგრაციის საკითხში უპირატესობა ფილიპინელებს ენიჭებათ, ხოლო ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან ბინადრობის ნებართვის მსურველთა სულ უფრო მზარდი რაოდენობა ჩამოდის. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე ფილიპინების 774 მოქალაქე ცხოვრობდა, ერთი წლით ადრე მათი რაოდენობა 487-ს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს - მხოლოდ 244-ს. ლიეტუვას მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ეველინა გუძინსკაიტე ამბობს, რომ ფილიპინებიდან მიგრანტების რაოდენობის პერმანენტული ზრდა ლიეტუვას დემოგრაფიულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. „წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ლიეტუვას დემოგრაფიული და საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიგრაციული ნაკადების დივერსიფიცირებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს მეტი უცხოელის მოზიდვა ლიეტუვასთან კულტურულად უფრო ახლოს მყოფი ქვეყნებიდან. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კი ფილიპინებია, სადაც მრავალი ქრისტიანი ცხოვრობს“, - განუცხადა მან სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისს“ (BNS). გარდა ამისა, გუძინსკაიტეს თქმით, ფილიპინებიდან შემოდინებული შრომითი რესურსი მიგრაციულ სტანდარტებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. „არსებობს მკაფიო და მკაცრი წესები ფილიპინებიდან შრომითი რესურსების მოსაზიდად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მუშახელი საკმაოდ კვალიფიციურია და დამსაქმებელს არ ატყუებს, როგორც ეს სხვა ქვეყნებიდან შემოსულთა შემთხვევაში ხდება“, - აღნიშნა მან. ლიეტუვას მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ეველინა გუძინსკაიტე ი. სტაცეციჩიუსი/ლიეტუვას ეროვნული ტელე-რადიომაუწყებელი (LRT) „ვფიქრობ, ფილიპინელი მიგრანტების რაოდენობის მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო მაღალი იქნება. სწორედ ფილიპინელებმა უნდა შეცვალონ ინდოეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის მოქალაქეები“, - აცხადებს გუძინსკაიტე. 2025 წლის იანვრის დასაწყისში, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე დაახლოებით 2 100 პაკისტანელი, 7 200 ინდოელი და დაახლოებით ათასი ბანგლადეშელი ცხოვრობდა. მათი უმეტესობა ლიეტუვაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩავიდა. ეს ორივე ჯგუფი (მუშები და სტუდენტები) პაკისტანელებსა და ბანგლადეშელებში დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით არის წარმოდგენილი. „ვფიქრობ, რომ მომავალში სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამუშაოდ ჩამოდიან, იგივე დარჩება ან შემცირდება“, -ვარაუდობს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. ინდოელი მიგრანტების შემთხვევაში, თითქმის 5000 მათგანი ლიეტუვაში დასაქმების მიზნით არის ჩამოსული, დაახლოებით 1600 სტუდენტია, 350 კი - კვალიფიციური სპეციალისტი. კიდევ რამდენიმე ასეული პირი ზემოთ დასახელებულ კატეგორიებში შემავალი ადამიანების ოჯახის წევრია. ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შორის მაღალკვალიფიციური მუშაკის სტატუსი, საერთო ჯამში, 5800 უცხოელს აქვს. მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, უკრაინიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან ლიეტუვაში ჩასული მიგრანტები კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი უცხოელი მაცხოვრებლები არიან, თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათი რიცხვი შემცირდა. „ისინი, რიცხოვნების მხრივ, კვლავ წამყვან ქვეყნებად რჩებიან, მაგრამ მათი მოქალაქეების რაოდენობა გასული წლის განმავლობაში შემცირდა. ყველაზე მეტად - ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა“, - აღნიშნა გუძინსკაიტემ. გასული წლის იანვარში ლიეტუვაში 86 000-ზე მეტი უკრაინელი ცხოვრობდა, წელს კი - 77 ათასზე ცოტა მეტი. ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა 62 ათასიდან 57 ათასამდე შემცირდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა - 15 ათასიდან 14 ათასამდე. „რუსეთის მოქალაქეების ნახევარზე მეტი ლიეტუვაში დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან ცხოვრობს, ხოლო დროებითი რუსი მიგრანტების რაოდენობა 6000-ზე ოდნავ მეტია. შემაკავებელი ზომების გამო, რუსეთის მოქალაქეები ლიეტუვაში მუდმივად საცხოვრებლად პრაქტიკულად ვეღარ ჩამოდიან“, - დასძინა ეველინა გუძინსკაიტემ.

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპვეს. მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191.88 ქულა დააგრვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული გერმანულმა წყვილმა, მინერვა ფაბიენ ჰასემ და ნიკოლა ვოლოდინმა მოიპოვა, ვერცხლის მედლებს კი იტალიელები – სარა კონტი და ნიკოლო მაჩი დაეუფლნენ. შეგახსენებთ, რომ  ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მამაკაცთა შეჯიბრებაში ნიკა ეგაძე მეორე, ხოლო ანასტასია გუბანოვა პირველ  ადგილზეა – გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 31 იანვარს იასპარეზებს, ეგაძე კი მაყრებელთ წინაშე პირველ თებერვალს წარსდგება. 31 იანვარს შეჯიბრებაში რითმულ ცეკვებში საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.

სალომე ზურაბიშვილი: “კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან…”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენს მიხეილ ყაველაშვილს კითხვით მიმართავს. "კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ)  პირველივე დღიდან  რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა…), შემდეგ 600 ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ  (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს - ყველაზე სამარცხვინო - წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს აჯილდოვებთ, ვინც თქვენს შვილების ტოლებს უსწორდებოდნენ და ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ." - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში".

ბოლო სიახლეები