ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია დადიოდა დერეფნებში და მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაცია არ დამტკიცებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
„რეალურად ხედავთ, ოპოზიცია რასაც აკეთებდა – დადიოდნენ დერეფნებში და მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაცია არ დამტკიცებულიყო. ამ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დათქმებით დელეგაციის დამტკიცების თაობაზე, რისთვისაც ისინი აქტიურად მუშაობდნენ. თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა რაღაც შუალედური შედეგი ამ კუთხით შეიქმნა რეზოლუციის სახით. ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს მიაღწიეს რამე შედეგს და ვერც მომავალში ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.