ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში არის ინტერესი სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის ენერგეტიკის და სხვა სექტორებში, შევქმნით ყველა პირობას, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები

ყაზახეთში ვიზიტი დასრულდა პრეზიდენტ ტოკაევთან შეხვედრით, იყო ძალიან საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყახაზეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ყაზახი ინვესტორების მუშაობა. საქართველოში არის არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის და სხვა სექტორებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით ყველა პირობას, რათა მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჩინეთის საგარეო უწყება: ღაზა პალესტინელებისაა, პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება არ შეიძლება

 ღაზას სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია და ის არ შეიძლება ჯუნგლების კანონს დაექვემდებაროს, - ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ღაზას სექტორთან დაკავშირებით. "ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის და პალესტინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება და მით უმეტეს, არ შეიძლება ის ჯუნგლების კანონის სამიზნე გახდეს" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა. მისი თქმით, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებს. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – რომელი ქვეყნები „ლიდერობენ“

საქართველოდან 2024 წელს უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე გააძევეს, ეს კი 91%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2023 წელს ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 190 მოქალაქე გაუშვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19.5% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და ინდოეთი. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს: აზერბაიჯანი - 71 მოქალაქე ირანი - 54 მოქალაქე ინდოეთი - 33 მოქალაქე თურქეთი - 31 მოქალაქე ნიგერია - 31 მოქალაქე ერაყი - 21 მოქალაქე რუსეთი - 20 მოქალაქე ეგვიპტე - 18 მოქალაქე ჩინეთი - 15 მოქალაქე იორდანია - 15 მოქალაქე ასევე, გასულ წელს საქართველოდან გააძევეს თურქმენეთის და პაკისტანის 10-10 მოქალაქე; ლიბიას და შრი ლანკას 4-4 მოქალაქე; ბანგლადეშის 3 მოქალაქე. გარდა ამისა, გააძევეს ავსტრალიის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, სომხეთის და ა.შ. თითო მოქალაქე. წყარო

დონალდ ტრამპი – საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისრაელი ღაზის სექტორს აშშ-ს გადასცემს

საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, პალესტინელები უკვე გადასახლებული იქნებოდნენ რეგიონის უფრო უსაფრთხო და ლამაზ თემებში, ახალ სახლებში და მათ რეალურად ექნებოდათ შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ბედნიერი, უსაფრთხო და თავისუფალი. „შეერთებული შტატები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დეველოპერების ბრწყინვალე გუნდებთან ერთად, ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყებს მშენებლობას, რაც გახდება ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი პროექტი დედამიწაზე. აშშ-ს ჯარისკაცები არ დასჭირდება! რეგიონში სტაბილურობა გამეფდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

„გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას…“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში „ბაკურიანის ციდა“ წყალზე და რას ამბობენ კომპანიაში

„ბაკურიანის ციდა“ წყლის ირგვლივ სოციალურ ქსელში ატეხილი ხმაურის შემდეგ ახალი დეტალები ვრცელდება. დაზარალებული ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც მის შვილს სერიოზული დამწვრობა მიაყენა. „პრაიმტაიმს“ დაზარალებული ბავშვის მშობელმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა, სადაც ნათქვამია: „ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „ბაკურიანი ციდა ნატურალური მინერალური წყალი არაგაზირებული 330 მლ 10.11.24. 15:12 10.11.25. L26“, მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას.“ „კვირა დღეს შევიძინეთ „ბაკურიანის ციდა“ წყალი და სხვა პროდუქტები. წყალმა ბავშვს დაწვა პირი, როგორც სამხარაულმა დაწერა დასკვნაში. წყლის ნაცვლად ბოთლში აღმოჩნდა აზოტმჟავა. ბავშვი ჯერ 4 წლის არ არის. გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. პირის ღრუ აქვს დამწვარი – ლოყები, ტუჩები. საბედნიეროდ, როგორც დღეს მითხრეს იაშვილში, საყლაპავი მილი და კუჭი არ აქვს დამწვარი. მოკვლევაა დაწყებული. ჩვენ მოწმეების სახით გამოვიკითხეთ, შეკვეთიდან რაც იყო დარჩენილი, გადავეცით პოლიციას. სამხარაულში რაც არის, იმ ერთ ბოთლსაც გადავცემთ. დანარჩენს გამოძიება დაადგენს...“ – გვითხრა ბავშვის მშობელმა. ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, აცხადებს, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. „კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე, მოგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია. შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას. ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას,“ – აცხადებენ კომპანიაში. არაგეგმური შემოწმება ჩაატარა კომპანიაში სურათის ეროვნულმა სააგენტომაც.  უწყებამ აღებული ნიმუშები გამოკვლევისათვის გაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ყველა მაჩვენებელი შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად შეფასდა. „ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გახარია ცდილობს, გაემიჯნოს ყველანაირ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მანამდე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა და ასე შეინარჩუნოს იმიჯი, მაგრამ ნახა, რომ არ მუშაობს – გიორგი ბუტიკაშვილი

„დაპირისპირება ამ მიმართულებით არ გამოუწვევია. იმ ფორმატებში, რომელიც საერთო გვაქვს ადამიანის უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ერთობლივად ვმუშაობთ მაინც. დღესაც ერთობლივი შეხვედრა გვქონდა. ეს, პირველ რიგში, აზიანებს თავად გახარიას პარტიას და სწორედ ამიტომ აიღეს ის პოსტი“, – აღნიშნა გიორგი ბუტიკაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის ფუფუნება, ინდივიდუალური სტრატეგიები აირჩიონ. „გვაქვს ერთი სტრატეგია, ვებრძვით ერთ მტერს, ეს არის რუსეთი და ივანიშვილის რეჟიმი. შესაბამისად, ყველანაირი ცალკეული სტრატეგიები, რომლებსაც პარტიები მიმართავენ, მიიღებს ასეთ შედეგს საზოგადოებისგან, რადგან საზოგადოების დაკვეთაა ერთიანობა რუსული რეჟიმის წინაღმდეგ. გახარია ცდილობს, გაემიჯნოს ყველანაირ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მანამდე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა და ასე შეინარჩუნოს მისი იმიჯი, მაგრამ ნახა, რომ არ მუშაობს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“. მოგვიანებით, „გახარია news საქრთველოსთვის“ გვერდიდან აღნიშნული ბანერი წაიშალა.

ბოლო სიახლეები