ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
„მსურს, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები. შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენ გარშემო, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს.
„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საქართველოსა და სომხეთს შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სომხეთს ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

