ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ირაკლი კობახიძე ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 24-28 მარტს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასამბლეის მთავარი თემაა „გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება“.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასამბლეას სიტყვით მიმართავს და ამ გამოწვევაზე ისაუბრებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევაში შეხვედრებს გამართავს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტთან გაბრიელა კუევას ბარონთან და გენერალურ მდივანთან მარტინ ჩუნგონგთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 178 წევრ და 12 ასოცირებულ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.

ღონისძიების მუშაობაში 140-მდე ქვეყნის 800-მდე კანონმდებელი, მათ შორის 65 სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარია ზახაროვა – რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა

რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.„ხმეიმის რუსულმა ავიაბაზამ გაუღო კარი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც განადგურებისგან ხსნას ეძებდნენ. ისინი ხსნას ეძებდნენ და ესმოდათ, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენმა სამხედროებმა შეიფარეს რვა ათასზე მეტი სირიელი, ეს გუშინდელი დღის სტატისტიკაა, შესაძლოა, ცხრა ათასამდე სირიელი. საუბარია ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე სირიელების ბედში ჩვენს რეალურ წვლილზე“, – თქვა ზახაროვამ.მისი თქმით, რუსეთი შოკირებულია სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით.„მსხვერპლი გახდა უდანაშაულო მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. ის არ შეიძლება, რამით იყოს გამართლებული. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სირიაში მოვლენების განვითარებით და მტკიცედ ვგმობთ მასობრივ ანგარიშსწორებას“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი“ ასევე იტყობინება, რომ ხმეიმიში მდებარე რუსულ ავიაბაზას ათასობით ალავიტმა შეაფარა თავი. ორგანიზაციის ცნობით, 6 მარტს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს, რომელთა უმეტესობა ალავიტია. ალავიტების სექტა, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი წარმოადგენს, შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, ძალადობას გამოქცეულმა მოსახლეობის ნაწილმა – რუსულ ავიაბაზას, ზოგმა კი მთებს შეაფარა თავი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. იგი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ ტყუილია, რაც დაკავების ოქმში წერია, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. მათი განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის.დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო, 173-ე მუხლით დააკავეს.საწინააღმდეგოს აცხადებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დაკაავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ელენე ხოშტარია – ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.მისივე თქმით, დღეს საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობს.„დღეს საქართველოში რეჟიმის მხრიდან ხდება საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები. მათ აქვთ საკუთარი აზრი, არიან მაღალი კვალიფიკაციის და უბრალოდ აგდებენ სამსახურებიდან. თან ამას სისტემური ხასიათი აქვს. ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ კოალიციამ მათ შესთავაზოს კონკრეტული მხარდაჭერის ბერკეტები, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ვიდრე რეჟიმი შეიცვლება, ასევე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.„საჯარო მოხელეების მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციას მართავს.

მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მოთხოვნის გამო, „ეარ ასტანა“ ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს

27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს – ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ატირაუ-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დამატება  ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია.„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა საქართველოსთვის, აქტიურად ხდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ყაზახეთიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსაყვანად და აღსანიშნავია, რომ  ძალიან წარმატებული იყო გასული წელი ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების კუთხით. სასიხარულოა, რომ „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“ დაფრინავენ როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და გვემატება ახალი მიმართულება ატირაუდან, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178 930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია,   ყაზახური ავიაკომპანიების წილმა კი ბაზრის 3,9 % შეადგინა.„ყაზახური ავიაკომპანია ახალ მიმართულება ამატებს და დამატებით სიხშირეებს განახორციელებს გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს, შემოიტანს მეტ ტურისტულ დანახარჯებს და გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში ცხრა სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.სამინისტროს ცნობით, ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. Air Astana ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს ხუთი ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.ატირაუ-თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

სერგეი ლავროვი – 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, ირკვეოდა, რომ გვატყუებენ, ევროპელებს თუ სურთ, უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, ტრამპის ადმინისტრაცია გაერკვევა ყველაფერში

უკრაინაში 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.„როგორც 2014 წლიდან ისტორია გვაჩვენებს, დროებით ზავი უკვე გამოცხადებულა არაერთხელ. ეს არის მინსკის შეთანხმებებიც და ის შეთანხმებებიც, რომლებიც 2014 წლის პუტჩით დაირღვა, და შეთანხმებები სტამბოლშიც. ყველაფერი ეს ზავის გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. მუდმივად, ყოველ ჯერზე, ასეთი შეთანხმებების მერე ირკვეოდა, რომ ჩვენ გვატყუებდნენ. გვატყუებდნენ უკრაინელები ევროპიდან თავიანთი პარტნიორების მხარდაჭერით“, – თქვა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება მდგრადი, მუდმივი მშვიდობა, რომელიც ეყრდნობა უკრაინაში ამჟამინდელი სიტუაციის გამომწვევი პირველადი მიზეზების აღმოფხვრას.„ახალ ევროპელებს თუ სურთ, გააკეთონ ისე, რომ უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, მაშინ, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ყველაფერი მშვენივრად ესმის და ყველაფერში გაერკვევა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ბოლო სიახლეები