საქართველოში 2012 წელს პენსიონერების რაოდენობა 683 ათასი იყო და ეს რაოდენობა გაზრდილია 869 ათასამდე. აქაც პირდაპირ ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 186 ათასით გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი შედეგი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ამოქმედდა ქვეყანაში.
„რაც შეეხება პენსიებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა დაპირება, 2025 წლისთვის გაგვეზარდა პენსია 35 ლარით, რაც შესრულდა და აისახა 2025 წლის ბიუჯეტში, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გახდა 350 ლარი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 450 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მოქმედებს შესაბამისი დანამატი. მინდა, აქაც ერთი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გავიხსენო. 683 ათასი იყო პენსიონერების რაოდენობა საქართველოში 2012 წელს და ეს რაოდენობა გაზრდილია 869 ათასამდე, აქაც პირდაპირ ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ ჩვენს ქვეყანაში. 186 ათასით გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი შედეგი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში და რომელთა მასშტაბები უპრეცედენტოდ გაფართოვდა გასული წლების განმავლობაში.
ცალკე აღვნიშნავ, რომ 76 მილიონიდან 95 მილიონამდე გაიზარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, გრძელდება დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 2024 წელს 2022 ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებელი ფართებით და 2025 წელს უკვე დაკმაყოფილდა 682 ოჯახი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.