ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

ირაკლი კობახიძე – მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუისა და სიძულვილის გავრცელებას, რაც ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია

მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუისა და სიძულვილის გავრცელებას, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის ის მთავარი იარაღია, რომელსაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღებია, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი, რასაც შეიძლება, შეეხებოდეს ეს ცვლილება, არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებულის საკითხები. თუ ვინმეს ეშინია იმის, რომ თავისუფლად ვეღარ მოახერხებს სიცრუის გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე იმ ძირითადი უფლებისა, რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა – ესეც...

რასაც ჩვენ ვამბობდით, ის ახლა უფრო ღია და ნათელი გახდა, მტკიცებულების ხარისხი გაიზარდა, რამეთუ ამ მტკიცებულებაში, თავად ის ქვეყანა ჩაერთო, საიდანაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამდაგვარი საფრთხეები მოდიოდა ჩვენი, პატარა ქვეყნის საზიანოდ, - აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ USAID-ის თემაზე საუბრისას. „როდესაც ჩვენ, საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ ის საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა. ესეც იყო გამიზნული და შემდეგ ხმამაღლა გაჟღერდა მესიჯი, რომ ეს იყო დავალება დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი „ენჯეობის“ მისამართით, რომ „არ წაიკითხო და გააპროტესტე“ . არწაკითხვა იყო სწორედ ის, რომ არ სცოდნოდა საზოგადოებას რაზე იყო საუბარი. სწორედ ამ წაუკითხავად მოხდა კანონის გაპროტესტება. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ კანონმა, მიღებამდე უკვე თავის ფუნქცია შეასრულა - გამოააშკარავა ის დესტრუქციული აქტორები, რომელიც იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ფულად დაკვეთაზე დამოკიდებული და არად უღირდათ ქვეყნის ინტერესები - ის რაც დასავლური იყო, რუსული დაარქვეს. დღეს რეალობა იძლევა იმის აუცილებლობას, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი. მართალია აშშ-ს დღევანდელმა ელჩმა, შენიშვნა მისცა უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენ მეტი უნდა იცოდეთო, მაგრამ თურმე მეტი უნდა სცოდნოდათ აშშ-შიც და ჩვენ ამას ვამბობდით, კითხვებს ვსვამდით, მაგრამ პასუხი არ იყო. თურმე აშშ-შიც ამერიკელების გადამხდელთა 10 მილიონი თანხა და USAID-ის 50-მილიარდიანი დაფინანსება არა სხვა ქვეყნების, არამედ აშშ-ს საზიანოდაც იხარჯება. სწორედ ამაზე საუბრობს ახალი ადმინისტრაცია, სწორედ ამიტომ გააუქმა ახალმა ადმინისტრაციამ USAID-ის მმართველი რგოლი და სახლში გაუშვა ლიდერები და მმართველი წარმომადგენლები“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტრამპი: ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია

ვაშინგტონში, ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა რელიგიის მნიშვნელობას ამერიკის ცხოვრებაში და განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია“. ტრამპმა ასევე გაიხსენა მასზე თავდასხმა, რომელიც 2024 წლის ივლისში პენსილვანიაში მოხდა. „არავინ ვიცით, როდის დასრულდება ჩვენი დრო დედამიწაზე. ეს ჭეშმარიტებაა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადად შევეჯახე, როდესაც მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც სასიამოვნო არ იყო. ეს არ იყო კარგი რამე, მაგრამ ღმერთი მიცავდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ხუნდაძე გარე დაფინანსებებზე: ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი

ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარე დაფინანსებებზე საუბრისას. მისი თქმით, ეს იყო ლოგიკური პროცესი, რომელსაც ვერავინ ასცდებოდა, რადგან დესტრუქციის ხაზი იმდენად უსამართლო იყო, რომ ასეთ უსამართლობას ისტორია არ ჰპატიობს ხოლმე და მოვლენები თავის ლოგიკურ განვითარებას მიჰყვება. „ის, რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ უფრო ადრე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ, რაც თავიდან კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ ცოტა ხანში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც იმავეს ჩიოდა, რომ თურქეთს უკრაინის ომში ითრევდნენ. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკის მართვას. გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუცდა ხელი და საკუთარი ლუსტრაცია მოახდინა, როცა ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება განიზრახეს? ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ – ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს. ამ ყველაფრის ლუსტრაცია კიდევ უფრო აშკარა გახდა და უფრო მაღალი ფასი შეიძინა მაშინ, როცა იგი სწორედ იქიდან მოხდა, საიდანაც იმ დროს ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. ჩვენ აშშ-ის მაშინდელ ელჩს პირდაპირ მივწერეთ, რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი და რაში იხარჯებოდა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები. ფიცოც იმავეს ჩიოდა და სწორედ მაშინ ესროლეს, როცა სულ რამდენიმე კვირით ადრე მან გარე დაფინანსებების გამოძიება და გაშუქება აქტიურად დაიწყო“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ჩინეთის საგარეო უწყება: ღაზა პალესტინელებისაა, პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება არ შეიძლება

 ღაზას სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია და ის არ შეიძლება ჯუნგლების კანონს დაექვემდებაროს, - ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ღაზას სექტორთან დაკავშირებით. "ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის და პალესტინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება და მით უმეტეს, არ შეიძლება ის ჯუნგლების კანონის სამიზნე გახდეს" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა. მისი თქმით, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებს. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – რომელი ქვეყნები „ლიდერობენ“

საქართველოდან 2024 წელს უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე გააძევეს, ეს კი 91%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2023 წელს ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 190 მოქალაქე გაუშვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19.5% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და ინდოეთი. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს: აზერბაიჯანი - 71 მოქალაქე ირანი - 54 მოქალაქე ინდოეთი - 33 მოქალაქე თურქეთი - 31 მოქალაქე ნიგერია - 31 მოქალაქე ერაყი - 21 მოქალაქე რუსეთი - 20 მოქალაქე ეგვიპტე - 18 მოქალაქე ჩინეთი - 15 მოქალაქე იორდანია - 15 მოქალაქე ასევე, გასულ წელს საქართველოდან გააძევეს თურქმენეთის და პაკისტანის 10-10 მოქალაქე; ლიბიას და შრი ლანკას 4-4 მოქალაქე; ბანგლადეშის 3 მოქალაქე. გარდა ამისა, გააძევეს ავსტრალიის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, სომხეთის და ა.შ. თითო მოქალაქე. წყარო

ბოლო სიახლეები