არცერთ დარგობრივ პოლიტიკას არ აქვს წარმატების რესურსი, თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის მოწესრიგებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანა მოხვდეს ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
„ღიად ვისაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდებოდა კორუფციას და რაც მთავარია, არა მხოლოდ ვისაუბრეთ, არამედ მივიღეთ კონკრეტული ზომები და აქ არ ვგულისხმობ მარტო გამოძიების დაწყებას კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მთავარი იყო პრაქტიკის მოწესრიგება. თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც კი დაკომპლექტდა ახალი მთავრობა – სამთავრობო აქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ. მას შემდეგ ათიათასობით სამთავრობო აქტია გამოქვეყნებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ეს აქტები და დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის რაიმე ნიშანი, მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხისთვის. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ნაბიჯებით, რაც უკვე გადაიდგა და რაც მომავალშიც გადაიდგმება, ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად მიღწევადია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, გამოიყენონ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და მათი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის ფუნქციის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში ძალიან დიდი ინვესტიციები იდება.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, 2030 წლის ბოლომდე გზის თითქმის ყველა პრინციპული მონაკვეთი იქნება დასრულებული თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

