ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაუგვიანეს ორ კვირაში უნდა არსებობდეს რაღაც ფორმატები და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის.
„ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის ჩაკეტილი წრე შეუძლია, რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება, გახდეს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომლითაც დღეს გამოვედით. ვფიქრობთ, ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი, არაუგვიანეს ორი კვირისა, რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

