კვირა, თებერვალი 15, 2026

ირაკლი კობახიძე – დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს

დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ აქვთ არცერთი არგუმენტი.

„პირველი გამოსვლა – ნული არგუმენტი, მეორე გამოსვლა – ნული არგუმენტი. რეფორმასთან და რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით, გამოწვევებთან, ამოცანებთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ არ აქვთ. რაც შეეხება იმას, რომ ინსტიტუციური ცვლილებები არის მიზნის მიღწევის საშუალება და არა მიზანი და თვითმიზანი, რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ კონცეფცია როდესაც წარვადგინეთ, იქ განვსაზღვრეთ სწორედ შვიდი ამოცანა. ამ ამოცანებიდან გამომდინარეობს ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც შემდეგ არის ასახული, მათ შორის, იქ არის ინსტიტუციური ცვლილებები, ინფრასტრუქტურა, საკადრო საკითხები და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეა და სწორედ ამიტომ ამ სტრუქტურით არის განსაზღვრული ჩვენი კონცეფცია. შვიდი გამოწვევა – შვიდი ამოცანა, მაგრამ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას არც ილიას უნივერსიტეტში, არც თსუ-ში, არც ტექნიკურ და არც სხვა უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები. ამ ხნის განმავლობაში ვისმენ გამოსვლებს სოციალურ მედიაში, მედიაში, იქაც ნული არგუმენტი. თან საუბარია აკადემიურ საზოგადოებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, საუბრობენ თემაზე და არ გვესმის არცერთი არგუმენტი, როგორც დღეს. ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი არ მოსწონთ, მაგრამ ორი გამოსვლა – ნული არგუმენტი მოსწონთ – არ არის ეს ჯანსაღი მიდგომა დისკუსიისადმი“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – ოპოზიციას, რომელიც აპროტესტებს დებატებში ჩვენს მონაწილეობას, შურს ჩვენი, რადგან არ შეუძლია დებატებზე დაჯდომა, ან კვალიფიკაციის გამო, ან იმის გამო, რომ მოქცევის...

ჩემი აზრით, ოპოზიციას, იმ ხალხს, რომელიც აპროტესტებს დებატებში მონაწილეობის ამბავს, მათ შორის ჩვენს მონაწილეობას და ა.შ. უბრალოდ შურს ჩვენი, რადგან არ შეუძლიათ დებატებზე დაჯდომა, ან კვალიფიკაციის გამო, ან იმის გამო, რომ უბრალოდ დებატებზე მოქცევის წესები არ იციან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.„ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ამას აპროტესტებენ. მაშინ, როცა მათიანი, მათი „ბაბლის“ წევრი მონაწილეობს დებატებში, ამბობენ, რომ გამონაკლისის სახით შეიძლება თურმე მონაწილეობა. მე ვერ გავიგე, თუ არ შეიძლება, მაშინ რატომ მონაწილეობენ ე.წ. ამ „ბაბლის“ წევრები და თუ შეიძლება, მაშინ რას ერჩიან, ან აქამდე რას ერჩოდნენ იმ ხალხს, ვინც მონაწილეობა მიიღო“, – აღნიშნა ხვიჩიამ.მისივე თქმით, „გირჩი“ ყველა თემაზე მზად არის, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.„გული გვწყდება, რომ ახლა „იმედზე“ როცა იმართება განათლების საკითხთან დაკავშირებული დებატები, ჩვენ არ ვართ და ხშირად გვაქვს დისკუსია, რამე ხომ არ ვაწყენინეთ „ქართულ ოცნებას“, რატომ გამოგვტოვეს ამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო დებატზე. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია და გვინდა, დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ცოტა სკეპტიკურები ვართ ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან განათლების საკითხზე ჩვენი გამოტოვება არ შეიძლებოდა.ზოგადად, როგორ შეიძლება გინდოდეს, რომ ხელისუფლებამ ხმები დაკარგოს, გადავიდეს ოპოზიციურ პარტიებზე ეს ხმები და საშუალებას არ აძლევდე მოქალაქეებს, ერთმანეთთან დააპირისპიროს შენი და ხელისუფლების მოსაზრება და საუკეთესო აირჩიოს. მე როცა ვთქვი, რომ შურთ-მეთქი, შურთ იმის გამო, რომ თვითონ აღმოჩნდნენ ძალიან ბრიყვები, როდესაც ოპოზიციურ არხებზე უარი თქვეს დებატებზე. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება უფრო მზად იყო საუბრისთვის ამ ფორმატით, ვიდრე ოპოზიცია და მათი „ბაბლი“, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტელევიზიები საერთოდ უსაქმურად არიან და აბსოლუტურ სისულელეს აშუქებენ დებატების ნაცვლად“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პროკურატურამ სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი არა ზოჰრაბიანი ავრცელებს.ადვოკატის თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და, შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება.ზოჰრაბიანი განმარტავს, რომ საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, არმან საროიანის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, რომელიც განკვეთილი იყო. 10 იანვარს კათოლიკოსმა საროიანი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მასიატსოტნის ეპარქიის წინამძღვრის თანამდებობიდან გადააყენა, შემდეგ კი ეპისკოპოსი განკვეთა.15 იანვარს საროიანმა სარჩელი შეიტანა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გამოძიების ფარგლებში მოგზაურობა აუკრძალეს ექვს ეპისკოპოსს, სასულიერო საბჭოს წევრებს, რომლებსაც ავსტრიაში 16-19 თებერვალს დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.13 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კრების სომხეთის ფარგლებს გარეთ ჩატარების გადაწყვეტილება კათოლიკოსატის სომხეთიდან „გამოდევნას“ ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.ლოცვა, რომელიც მრევლმა მირქმის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოს.„ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.“

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.მირქმა VI საუკუნემდე გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; სტიქიას შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო, ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა. ამ განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რომ მირქმა (მიგებება)იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ირანის ელჩი ალი მოჯანი პროფესორ გიორგი სანიკიძეს პასუხი: ისტორიის მიზანი განდიდება ან გამართლება კი არა, გააზრებაა-ისტორია არ არის მსჯავრი, ის პასუხისმგებლობის გაკვეთილია

''პროფესორ გიორგი სანიკიძესისტორიული თარიღების გახსენება, იქნება ეს მტკივნეული თუ სასიხარულო, არც ვინმეს განდიდებას ემსახურება და არც გამართლებას; მისი მიზანი გააზრებაა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ პოლიტიკაზე, ომებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთა ეპოქაშიც თავად არ გვიცხოვრია; თუმცა სრულად ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ დღეს როგორ ვეპყრობით ამ ისტორიულ გამოცდილებას. ისტორიოგრაფიის ამოცანა არ გახლავთ მორალური მსჯავრის გამოტანა, არამედ მის ამოცანას ადამიანური გამოცდილების დოკუმენტურად აღდგენა წარმოადგენს: როგორ შეძლეს საზოგადოებებმა იძულებითი გადაადგილებების, პოლიტიკური ძალადობისა და გეოპოლიტიკური ძალების დაპირისპირების პირობებში საკუთარი ენის, კოლექტიური მეხსიერების, ტრადიციებისა და სოციალური სიცოცხლის შენარჩუნება. ისტორიკოსი, რომელიც ურთიერთ თანაცხოვრებისა და კულტურული გაცვლა-გამოცვლის სირთულეთა გააზრების ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური მსჯავრის გამოტანით შემოიფარგლება, ისტორიას იდეოლოგიურ იარაღად აქცევს. ძალაუფლება — იქნება ეს XVII საუკუნეში თუ XXI-ში — იშვიათად ზრუნავს ადამიანის ბედზე; ამიტომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, დიალოგის, კვლევისა და დოკუმენტირებული თხრობის მეშვეობით, თავიდან ავიცილოთ წარსული ტრავმების გამეორება, გავაძლიეროთ სოციალური გამძლეობა, იმედი და თანაცხოვრების შესაძლებლობა. ისტორია სხვის შესარცხვენად კი არ არსებობს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ გავხდეთ უფრო პასუხისმგებლიანები''-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

ბოლო სიახლეები