ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა საერთოდ არ არის რელევანტური, ჩვენთვის აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა საერთოდ არ არის რელევანტური. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენთვის რელევანტურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე, სანქციები არ არის საინტერესო პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები საერთოდ არ არის აქტუალური. მისთვის და ჩვენთვის ყველასთვის აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამ მიმართულებით ღიად გვაქვს შეთავაზება გაკეთებული. მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ შემხვედრი ნაბიჯები იქნება. ეს არის ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება იყოს ურთიერთობების გადატვირთვის ნიშანი. სტრატეგიული პარტნიორობის განახლება არის ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც შეგვიძლია, შევაფასოთ ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აშშ-თან კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მთავარი არის საჯარო გზავნილები.
„ჩვენთვის მთავარია საჯარო კომუნიკაცია, ამას ველოდებით მოთმინებით. დანარჩენი, რაც ხდება კულუარებში, ბუნებრივია, დახურული ინფორმაციაა. ყველა ერთად უნდა დაველოდოთ საჯარო კომუნიკაციას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ზოგადად, ურთიერთობები, კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის საჯარო გზავნილები, რასაც ველოდებით მოთმინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

