ყველა საკითხი უნდა იყოს გონივრულად აწონ-დაწონილი. არავის ენანება არც ერთი თეთრი და არც 50, თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „დიდი ხანია, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ითხოვენ თქვენთან შეხვედრას, კომუნიკაციას. აპირებთ თუ არა მათთან კომუნიკაციას. ასევე, მათი თქმით, გარკვეული ძვრები, კომუნიკაციაა წამლების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც გამოხატავენ მზადყოფნას, დაიწყონ კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“. აპირებთ თუ არა ჩართვას?“
„ეს არის მგრძნობიარე საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო ბოლომდეა ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ასეთი საკითხების მოგვარებისას ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. ჩამოყალიბებულია მარტივი მაფია. ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი. სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ, სწორედ აქ არის საჭირო სიფრთხილე, როდესაც საქმე ეხება ფარმაცევტულ კომპანიებს. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ, ყველა საკითხი უნდა იყოს გონივრულად აწონ-დაწონილი. არავის ენანება არც ერთი თეთრი და არც 50, არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ის წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას.
არის მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები. არ მინდა, კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული ქვეყნები, არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც კორუფციული გარიგების ეჭვია. მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, რომ გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ამიტომ, ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. არც ერთი თეთრი, არც ათი მილიონი და არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. არ შეიძლება, ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს. განზოგადებულად ვსაუბრობ, არ შეიძლება, ავყვეთ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს. ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოების წინაშე. ამიტომ, დაელოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას. ყოველ ჯერზე მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამ და მსგავს თემებზე დისკუსიაშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა კობახიძემ.

