ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

ირაკლი კობახიძე – 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა დააფიქსირა

700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9%-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს.

„ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი – 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე  8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9% საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დაჩი ცაგურია – არჩევნების შემდეგ ხუთი დღე გავიდა და გაყალბების ხუთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს

არჩევნების შემდეგ ხუთი დღე გავიდა და გაყალბების ხუთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ჯერ ხომ საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი იყო ჩამოსული? არცერთ არჩევნებს ამდენი დამკვირვებელი არ დაკვირვებია, ერთ სულ მოსახლეზე და უბანზე რომ გადაიყვანო, პლანეტაზე ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები, ამდენი დამკვირვებელი რომ სადმე დასწრებოდა. ამ ევროპელებს კიდევ, მინდა, ძალიან დიდი პატივისცემით ვუთხრა – თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული რომ დახარჯეთ, კაფეში გოგო ბიჭს და ბიჭი გოგოს რომ პატიჟებს, გოგო გოგოსას იხდის და ბიჭი ბიჭისას, ამათ ამდენი ფული რომ დაახარჯეთ და ერთ მტკიცებულებას ვერ დებენ გაყალბებისას, პასუხი მაინც მოსთხოვეთ, სად წაიღეს ეს ფული“, – განაცხადა ცაგურიამ. გადაცემის წამყვანმა სტუმარს კითხვა დაუსვა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „ზურაბიშვილმა მითხრა, არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც ბევრ დონეზე დამახინჯდა, მას ასევე მკაფიოდ არ უთქვამს, ჩაერია თუ არა რუსეთი არჩევნებში“. წამყვანის კითხვაზე, მისი აზრით, აქვს თუ არა ზურაბიშვილს გაცილებით მკაფიო მტკიცებულებები პროკურატურისთვის გადასაცემად, ცაგურიამ უპასუხა, რომ პრეზიდენტის განცხადებები არის უბრალოდ, საოცრება, რომლის უკანაც მტკიცებულებები არ დგას. „განცხადებები იცოცხლე, ამის სპეციალისტები არიან, რუსეთი ჩაერია, გაყალბდა, ტოტალური გაყალბება იყო და რაღაცები, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ ყველაფერზე ერთი მტკიცებულება არ გქონდეს? ახლა ვინმე დამაჯერებს, რომ ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მტკიცებულებები აქვს და ჯერ არ გვანახებენ? იძახიან, აი, თენგო მოვა ახლა, მოიტანს და გვანახებს რაღაცას, მერე ლაშას მამა გარდაცვლია, თენგო იქ არის თურმე, არ სცალია ჩვენთვისო და ასეთ კომიკურ მდგომარეობაში არიან. იცით, რა? მე არ მიკვირს მათი ჩვენდამი დამოკიდებულება, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლების მიმართ მაინც გამოიჩინონ ელემენტარული პატივისცემა, მათ მაინც უთხრან რაღაც და მისცენ, სირცხვილია. ხალხო, თქვენი ამომრჩევლები არიან ძაღლის დღეში, ბოდიში და, სახეს ვახევთ. გაყალბდა-გაყალბდას რომ იძახით, ერთი რამე მაინც თქვით-თქო, ვერავინ ვერაფერს ამბობს და არიან პირდაღებული. მეცოდება უკვე ეს ხალხი. ქალბატონ სალომეს მინდა, ვუთხრა, ჯერ თუ არ მოუგროვებიათ ეს მტკიცებულებები, სცენაზე რომ იდგნენ და განწირული ყვიროდნენ, აბა, მოგვეცით მტკიცებულებებიო, შე ოჯახაშენებულო, თუ არ გაქვს, ამ ქვეყანას რას ანჯღრევ და ცილს რატომ სწამებ“, – განაცხადა ცაგურიამ. როგორც ცაგურიამ აღნიშნა, ამ აქტორებისგან არაფერი უკვირს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს. „ცილისწამება და ტყუილი ამ ადამიანებისგან არ გვიკვირს, შეიძლება, მკვლელობა დაგაბრალონ. ჯერ იყო და კულტურის მინისტრ ასათიანს დააბრალეს, თითქოს რაღაც რელიგიურ სექტაში მონაწილეობდა, მერე მატარებელი სარკიბიგზო გვირაბში არ ეტევაო და იყო ერთი ამბავი. ეს ხომ გვახსოვს? ამაზე აგო ვინმემ პასუხი ან ბოდიში მოიხადა? არათუ ჩვენ, მე, თქვენ ან ვინმეს გვწამებდნენ ცილს, ლობისტები დაიქირავეს და მთელ დედამიწას დააჯერეს, სააკაშვილი აწამეს, კვდება, უკურნებელი დაავადებები აქვს, აი, ახლა ორ-სამ დღეში მოკვდებაო. ხომ ვნახეთ ამ აფერისტის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, სადაც სამედიცინო დასკვნებით მიდიოდა საქართველოს დისკრედიტაცია? რომ დალაგდა იმდენი ელჩი და დემარშით მივიდნენ, ახლა მოკვდება სააკაშვილიო, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო“, – განაცხადა ცაგურიამ. ყოფილმა პოლიტპატიმარმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც მიმართა. „მინდა, ამ ელჩებს მივმართო – ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული. ეს არის ქვეყანა, სადაც მეხუთე საუკუნეში სახარება ვთარგმნეთ, სადაც „ვეფხისტყაოსანი“ დავწერეთ და როგორმე, ვენის კონვენციასაც გადავთარგმნიდით და წაკითხული გვექნება. წაიკითხეთ რა, თქვენ თვითონ ეს ვენის კონვენცია. თუ ვინმემ დაგიმალათ, მე მოგაწვდით ბატონო, რათა თქვენი უფლებამისილება იცოდეთ, ამ ქვეყანაში როგორ უნდა იქცეოდეთ და რას უნდა აკეთებდეთ, მერე რა ინფორმაციებს უნდა აგზავნიდეთ აქედან თქვენ ქვეყანაში. ასე როგორ შეიძლება? არ გრცხვენიათ, ასეთ სასაცილო მდგომარეობაში რომ იგდებთ თავს? ან თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას რა მდგომარეობაში აგდებთ? წარმოიდგინეთ, აშშ-ის, ამხელა ქვეყნის ლიდერი გამოდის და იძახის, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატია აყვავდა და გაფრინდა კოსმოსშიო. სირცხვილი არ არის მართლა და მართლა? მე მოგიყვებით, წამოგყვებით იმ ბლინკენთან, როგორი დემოკრატია იყო საქართველოში. გადახედეთ და ნახეთ, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ცოცხალი ადამიანების მკვლელობისთვის ხალხს მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ, ცემით და წამებით იღებდნენ ჩვენებებს და მერე, ეს ცოცხალი ადამიანები რომ გამოჩდებოდნენ ხოლმე, ისევ ცემით კლავდნენ ამ „მკვლელს“, რომ ცრუ ჩვენების მიცემა ეღიარებინა. ეს იყო სააკაშვილის დემოკრატია. თქვენ ხომ ჩვენზე კარგად იცით ეს ყველაფერი და სირცხვილია, ხომ? ჩემო კარგებო, ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ და როგორმე გვეცით პატივი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ნიკა მელია: თუ ამ სიტუაციაში, ვინმე გეგმას წინასწარ გთავაზობთ, თუ გეუბნებათ, რომ ან გეგმის გაწერა, ან მისი ყოველდღიური მიყოლა და აღსრულება არის შესაძლებელი –...

თუ რამის გამოცდილება მაქვს, მაქვს ქუჩის ბრძოლისა და პროტესტის გამოცდილება. და წარსულში იმის გულწრფელად თქმის გამოცდილებაც - იყო კონკრეტული ამოცანა, კონკრეტულ ვადაში შესრულებადი თუ არა, კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო. ახლა გეუბნებით, იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის, -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. „მეგობრებო, მესმის თქვენი გულწრფელი სურვილი მოქმედებაზე გადასვლის; თუმცა ასევე გულწრფელად გეუბნებით: თუ ამ სიტუაციაში, ვინმე გეგმას წინასწარ გთავაზობთ, თუ გეუბნებათ რომ ან გეგმის გაწერა, ან მისი ყოველდღიური მიყოლა და აღსრულება არის შესაძლებელი - გატყუებთ. შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, ვართ კონსოლიდირებულები, ვართ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან და თუ ვინმე გეტყვით, დღეს დავიწყებთ, ერთი კვირა ვიდგებით და ზეგ დავასრულებთ - არის ტყუილი, ნუ დაგავიწყდებათ ვის და რას ვებრძვით... ამ ეტაპზე, არის პარტიების კონსოლიდაცია, ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით, აქ ყველა თავისი ბიოგრაფიითა და თავისი ბრძოლის გამოცდილებით არის მოსული. თუ რამის გამოცდილება მაქვს, მაქვს ქუჩის ბრძოლისა და პროტესტის გამოცდილება. და წარსულში იმის გულწრფელად თქმის გამოცდილებაც - იყო კონკრეტული ამოცანა, კონკრეტულ ვადაში შესრულებადი თუ არა, კრიტიკის ობიექტიც გავმხდარვარ ამის გამო. ახლა გეუბნებით, იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“, - წერს ნიკა მელია.

თავისუფალი ჭიდაობა | მირიან მაისურაძე მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე (92 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში ლეგენდარულ ფალავანთან, აბდულრაშიდ სადულაევთან 0:6 დამარცხდა. დღესვე შეჯიბრებაზე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დამაჯარებელად, 13:4 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე ორი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ბრინჯაოს პრიზიორები გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე გახდნენ.

ირაკლი კობახიძე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – არ შეიძლება, ასე უხეშად ატყუებდე ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არჩევნების მეორე დღეს გიწევს, თვალებში ჩახედო საკუთარ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ გაყალბებაზე საუბარია. „სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო 20-25%, უფრო მაღალ შედეგებს წინასწარმეტყველებდა ჩვენთვის ოპოზიცია, ისინი ამბობდნენ 30-35%-ს. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორი იყო საერთო სურათი. როცა ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება და თავის მართლების ერთადერთი საშუალება მათთვის არის ის, რომ უნდა ისაუბრონ არარსებულ გაყალბებაზე. სინამდვილეში არავითარი არც ფაქტი, არც მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ გაყალბებაზეა საუბარი, არამედ ამ არჩევნებში რაიმა არსებითი ხარვეზი ყოფილიყო დადგენილი, არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. „ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. 1 120 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი და საბოლოო ჯამში, ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ. მშვიდობა არის განვითარების მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. ამას არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი და გააკეთა რაციონალური არჩევანი. გასული ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ვითარება იყო ძალიან რთული, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ურთულესი პროცესების ღირსეულად გავლა. რომ არა ხალხის თანადგომა, გამოცდილება და ბრძნული გადაწყვეტილებები, მარტო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაშიც, ხალხი დადგა სწორი გადაწყვეტილების მხარეს. ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები