„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვლოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.
„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას და განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას.
აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ხახალეიშვილი ასევე მეორე ტურში ოპოზიციის ბოიკოტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მათი სტილია, როცა ბრძოლას აღარ აგრძელებენ. მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები იაქტიურებენ და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.