ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026

ინტერვიუ ნინო თოდუასთან-მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად მიმდინარე CSDC-ის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა

ინტერვიუ ნინო თოდუასთან

2020 წლის აგვისტოში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) ,,ქალებისთვის გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით დაიწყო პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად.

2021 წლის 28 იანვარს, ორგანიზაცია  დისტანციურ რეჟიმში გამართავს კვლევის პრეზენტაციას. ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები, მოხალისეები და ზოგადად, მიუსაფარ ქალთა პრობლემებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრება.

რა სახის კვლევა მოამზადა CSDC-იმ. თუ ვინ ჩაერთო პროექტში, ვისი დახმარება შეძლო ორგანიზაციამ, რა ღონისძიებები განხორციელდა პროექტის ფარგლებში და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ და სხვა საკითხებზე CSDC-ის  ხელმძღვანელთან, ნინო თოდუასთან, ინტერვიუს ფორმატში ვისაუბრეთ:

  • ნინო, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. რამდენი ხანია რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს და რა მიზნებს ემსახურება ის?

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების პრობლემების ადვოკატირება, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

  • გვიამბეთ პროექტის შესახებ, რომელიც ქალებისთვის გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რა იყო პროექტის მიზანი?

პროექტი  „COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა“ – 2020 წლის აგვისტოს თვეში დავიწყეთ და 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროექტი თბილისის ფარგლებში განხორციელდა.

ამ პროექტის იდეა გაჩნდა პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე. ვირუსის გავრცელების შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის იყვნენ და არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებოდათ და დღემდე ესაჭიროებათ დახმარება. ჩვენ ძალიან გვინდოდა ამ ქალების ერთ ნაწილს მაინც დავხმარებოდით. ,,გლობალურმა ფონდმა ქალებისთვის’’ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო, რამაც ერთი მხრივ საშუალება მოგვცა, რომ პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ ქალებს დავხმარებოდით, ჩვენ მივდიოდით მათთან, მიგვქონდა საკვები პროდუქტები და პირველადი და აუცილებელი ჰიგიენის ნივთები. თუმცა, ამავდროულად, წამოვიწყოთ აქტიური ფანდრაიზინგის კამპანია სახელწოდებით: ,,ჩაერთე და ჩართე’’, რომელშიც მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაცია ჩაერთო,  მათი დახმარებით მიღებული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსები სრულად გამოვიყენეთ მიუსაფარი ქალების სასარგებლოდ.

პროექტის საბოლოო მიზანი იყო ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.  ვფიქრობ, ამ მიზნის განხორციელება, ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ნაწილობრივ მაინც შევძელით (პროექტში ჩართული 100-ზე მეტი ქალისა და მათ ოჯახებისთვის).

  • რა ღონისძიებები განახორციელეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე?

პროექტი რამდენიმე პირობით ეტაპად შეგვიძლია დავყოთ: პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ბენეფიციართა რეგისტრაცია, იმ ქალების მოძიება, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ და ჩვენი პროექტის მიზნობრივ ჯგუფში შედიოდნენ. მომზადდა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, ბევრ ქალს თავად დავუკავშირდით და ჩვენვე დავეხმარეთ ფორმის შევსებაში. საბოლოოდ 100 ქალი შეირჩა, თუმცა რეგისტრაცია გაცილებით მეტმა გაიარა. ძალიან გვინდა, მომავალში ამ ქალების დასახმარებლად კიდევ დავგეგმოთ მსგავსი პროექტები. პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შევარჩიეთ მკვლევართა ჯგუფის მეშვეობით. ისინი იყვნენ ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ დახმარება.

შემდეგ ეტაპზე უკვე დავიწყეთ შერჩეულ ქალებთან ოჯახებში ვიზიტები, ცხადია, ყველანაირი რეკომენდაციის გათვალისწინებითა და ჰიგიენის ნორმების დაცვით. ვიზიტისას მიგვქონდა მათთვის პირველადი ჰიგიენური ნივთები და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები. ვეცნობოდით მათ საჭიროებებს, ვამზადებდით მცირე ფოტო თუ ვიდეო ისტორიებს მათ შესახებ, ცხადია, თითოეული მათგანის თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში.

პროექტის დარჩენილი დრო კი დავუთმეთ კვლევის განხორციელებას და აქტიური ფანდრაიზინგის კამპანიას, ორივე აქტივობის შედეგები ჩვენ დღევანდელ პრეზენტაციაზე შევაჯამეთ.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 20 მოხალისეც ჩაერთო, რომლებიც სპეციალურად გადამზადდნენ და მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ.

  • სანამ კვლევის შესახებ გკითხავთ, გვაინტერესებს, როგორ განხორციელდა ფანდრაიზინგის კამპანია და რა შედეგი მიიღეთ საბოლოოდ?

ჩვენს კამპანიაში  ჯამში 100-ზე მეტი ქალი და მათი ოჯახი ჩავრთეთ. ჩვენი პირველი ამოცანა საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფა იყო. კამპანიის შესახებ მოვამზადეთ სოციალური ვიდეო რგოლი და გვიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, ეს მასალა მათივე ეთერში გადიოდა. გარდა ამისა,  ეტაპობრივად ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის თქვენი სააგენტოს მეშვეობითაც, რისთვისაც მადლობას გიხდით. მეორე მხრივ, ჩვენი ორგანიზაციის სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა ფოტო და ვიდეო-ისტორიები ამ ქალებისა და მათი ოჯახების შესახებ. ამ ყველაფრის შედეგად, პროექტს 50-მდე მხარდამჭერი, ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია შემოუერთდა. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგალითისთვის გამოვყოფდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელთა მხარდაჭერით წინასაახალწლოდ 20 ქალსა და მათ ოჯახს ფულადი დახმარება გადაეცა. გვინდა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადოთ, მათმა მატერიალურმა თუ არამატერიალურმა დახმარებამ განსაკუთრებით გაახარა ბენეფიციარი ქალები და მათი ოჯახები.

 

  • გვიამბეთ კვლევის შესახებ, რა სახის კვლევა განხორციელდა და როგორია კვლევის შედეგები/რეკომენდაციები?

კვლევის პრეზენტაცია ხვალ, 28 იანვარს შედგება. ონლაინ-შეხვედრაზე შედეგებსა და რეკომენდაციებს გავაცანობთ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. აღნიშნული კვლევა, ჩვენი პროექტის ფარგლებში და ჩვენს ბენეფიციართა ჯგუფში ჩაატარა ორგანიზაცია ,,WeResearch’’-მა. ჩატარდა როგორც ფოკუს-ჯგუფები, ასევე, პირისპირ ინტერვიუები, ჩვენ გამოვკვეთეთ და ვიკვლიეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: COVID-19 პანდემიის გავლენა მიუსაფარ ქალთა ფინანსურ მდგომარეობასა და დასაქმებაზე, ოჯახის წევრთა შორის ურთიერთობებზე, საკვებ რაციონზე, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, თავის მოვლის შესაძლებლობებზე, ასევე დისტანციურ სწავლებასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. კვლევის შედეგად კი შევიმუშავეთ ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაეგზავნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე, დეტალურად განვიხილეთ დღევანდელ პრეზენტაციაზე. კვლევა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე: www.csdc.ge

 

  • როგორია ორგანიზაციის სამომავლო გეგმები? თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ პროექტით გათვალისწინებული 100 ქალის გარდა, კიდევ ბევრი დახმარების მსურველი ქალი დარეგისტრირდა პროექტში მონაწილეობის მისაღებად…

გეთანხმებით, ამ პროექტის რესურსით ყველა რეგისტრირებულ ქალს ვერ გავწვდებოდით. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ გარდა, ჩვენი ორგანიზაციის სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად გვწერენ მიუსაფარი ქალები, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ამ კუთხით ისევ გააგრძელებს მუშაობას, რადგან, ჩვენი მისიაა,   მოწყვლადი ქალებისა და   ბავშვების საჭიროებების ადვოკატირება,  მათი   ინტეგრირება   საზოგადოებაში   სამოქალაქო   უფლებების   დაცვის, ინოვაციური  ტექნოლოგიებისა  და  არაფორმალური  საგანმანათლებო  პროგრამების  უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორების მხარდაჭერითა და საზოგადოების ჩართულობით, უფრო მეტი ქალისა და მათი ოჯახების დახმარებას შევძლებთ მომავალში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო პროექტის - „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ განხორციელება დაიწყო. ინიციატივა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული პროცესების შესახებ მათი ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები არიან.საინფორმაციო პროექტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ამოცანაა ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოში შექმნილი ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი და ამავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტისთვის მსგავსი ინიციატივების განხორციელება მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოებას არ გულისხმობს. იგი უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციასაც უკავშირდება - ხელი შეუწყოს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობთა წარმომადგენელი სტუდენტებისთვის იმგვარი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, საარჩევნო სისტემის ფუნქციონირების თავისებურებებსა და მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს.დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული სტუდენტის მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და ისეთი აკადემიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თავს თანასწორად, დაცულად და საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნობს.„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა განსაკუთრებული სითბოთი მოგესალმოთ და გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენი ალმა მატერია. აქ თითოეული თქვენგანის მიზნები, კულტურა, ტრადიციები და გამოცდილება საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანინაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არა მხოლოდ მიიღოთ ხარისხიანი განათლება, არამედ აქტიურად ჩაერთოთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კარგად იცნობდეთ თქვენს სამოქალაქო უფლებებს, შესაძლებლობებს და სრულად იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს განვითარებაში თქვენი წვლილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის. დარწმუნებული ვარ, რომ განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად,გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვა საერთო ღირებულებები, რაც გვაძლევს უდიდეს სტიმულს, ერთად ვაშენოთ უფრო ძლიერი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოება“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს საარჩევნო სისტემის თავისებურებებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებსა და იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საზოგადოებრივ და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა. ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის, რომელთა საუნივერსიტეტო განათლების პროცესში, სახელმწიფო ენის დაუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრივი და ინსტიტუციური გარემოს გაცნობა.

„ცხოვრების აზრი სიყვარულშია“ — 90 წლის მსახიობ აზა ნუცუბიძის გულწრფელი სათქმელი

90 წლის მსახიობი აზა ნუცუბიძე სიკეთეზე, სიყვარულსა და ცხოვრების მთავარ ღირებულებებზე საუბრობს. https://www.facebook.com/reel/4780228898967758 „თუ შემიძლია სიკეთის გაკეთება, უანგაროდ ვაკეთებ... ცხოვრების აზრი სიყვარულშია...“ — ამბობს მსახიობი.სიუჟეტში აზა ნუცუბიძე საკუთარ სათქმელსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს გვიზიარებს. ინტერვიუს თან ახლავს საარქივო ფოტოები და პირადი მასალები, რომლებიც მაყურებელს მსახიობის წარსულსა და განვლილ გზას აცნობს.90 წლის ასაკშიც მისი მთავარი სათქმელი სიკეთე, გულწრფელობა და სიყვარულია — ღირებულებები, რომლებიც დროს არ ექვემდებარება.აზა ნუცუბიძის შესახებ სიუჟეტი შორენა ლაბაძემ მოამზადა.ავტორი: შორენა ლაბაძე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, რითაც ხაზი გაესვა მათი აქტიური ჩართულობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ფესტივალში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და მათი აკადემიური მენტორები, რომლებმაც ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური მოწყობილობები, ინოვაციური პროექტები, პრაქტიკული დანიშნულების მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რითაც წარმოაჩინეს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების მრავალფეროვნება და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო შესაძლებლობები.როგორც მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ფესტივალი ხელს უწყობს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას და რეგიონებში არსებული სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფესტივალში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და წარმატებით წარმოაჩენს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს იმ სამეცნიერო მიმართულებების მრავალფეროვნებასა და კვლევით პოტენციალს, რომელიც სტუ-ში არსებობს. ამასთანავე, ფესტივალი უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი სამეცნიერო მიღწევები, წარმოადგინოს ახალი ტექნოლოგიური დამუშავებები და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.„მეცნიერების განვითარება მხოლოდ სამეცნიერო კვლევების განხორციელებას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, სამეცნიერო მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება. მეცნიერების რეგიონული ფესტივალი სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შრომისა და ჩართულობის დაფასება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ მეცნიერების პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების წარმოჩენასა და სამეცნიერო კულტურის განვითარებას. მადლობის სიგელები მათი ძალისხმევის აღიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის წახალისების გამოხატულებაა“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.სტუ-ის ცნობით, სიგელები გადაეცათ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: რევაზ სახვაძეს, მარი თებიძეს, ქრისტინე მუსელიანს, ლია იმნაიშვილს, გვანცა ყრუაშვილს, ირმა ლაგვილავას, ნინო კარტოზიას, მარიამ ბარამიას, ანა ვარდიაშვილს, მარიამ წიკლაურს, თამარ ჯიქიას, გიორგი ფეიქრიშვილს, სანდრო სართანიას, ირაკლი ყანჩელს, ლუკა მაქსიმილიან კუპტაშვილს, სალომე გურჩიანს, ანი ჭიღლაძეს, თამარ ზურაბიანს, გიორგი ფანცულაიას, ერეკლე ტეფნაძეს, გოჩა ზედგინიძეს, ლუკა ბუთურიშვილს, ნათია ქოჩლაძეს, ეკატერინე ჭელიძეს, გიორგი მუმლაძეს, იამზე ქვარცხავას, ნათია მარგიანს, თამარ გედევანიშვილს, მაია გოგორიშვილს, ანანო მჭედლიშვილს, რეზი გურგენიძესა და გიორგი ფალავანდიშვილს.

ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში – „მე ვიხდი!“  ჩეხეთის აეროპორტში ქართველი ქალის უანგარო საქციელმა ყველა აღაფრთოვანა -სოფო-თეო კვარაცხელია

,,ჩემი ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ, მთელი სიღრმით დამანახა, რომ საოცარი ერი ვართ — ყველაზე გამორჩეულები, თბილები და თითით საჩვენებლები!​მოგეხსენებათ, დღეს ჩეხეთიდან დავბრუნდით. აეროპორტში შემოწმების გავლისას ერთ-ერთი მოსწავლის ზურგჩანთის ზომა არ მოეწონათ და დამატებითი თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ჯგუფის წევრებს მხოლოდ ნაღდი ფული გვქონდა, მათ კი ქეში არ მიიღეს. თვითმფრინავში ჩასხდომა უკვე იწყებოდა — ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრესსა და ფორიაქში ვიყავით, წამები წყვეტდა ყველაფერს...​და სწორედ ამ კრიტიკულ წუთას, სრულიად უცხო ადამიანი მიუახლოვდა კონსულტანტს, უსიტყვოდ გაუწოდა საბანკო ბარათი და მტკიცედ უთხრა: „მე ვიხდი!“ ( არ იყო პატარა თანხაც...)​უნდა გენახათ ჩეხი კონსულტანტის გაოცებით სავსე თვალები, როცა იკითხა: „ნამდვილად თქვენ იხდით?!“ — მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ჩვენთვის კი — ემოციების ნამდვილი ქარიშხალი და სუნთქვის შემკვრელი სიამაყე!​ამქვეყნად ბევრი ბოროტებაც მინახავს და ბევრი სიკეთეც, მაგრამ თუ რამეს შეუძლია ჩემი სულის შეძვრა და უსაზღვრო აღფრთოვანება, სწორედ ასეთი უანგარო საქციელია.წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოგიდგება მხარში ყველაზე რთულ დროს და გაძლევს ძალას, რომ დაბრკოლება გადალახო.ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰყავთ გულში... და საბედნიეროდ, ისინი ჩვენს გვერდით არც ისე ცოტანი არიან!​მე გიყვებით Ekaterine Ioseliani ეკატერინე იოსელიანზე..ადამიანზე, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ!ადამიანო, მე ღმერთი მიყვარს შენში !მადლობა, ქალბატონო ეკატერინე!''-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელი სოფო-თეო კვარაცხელია წერს.

კაცი, რომლის სახლშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა.ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში დაგროვილი გაზი მაშინ აფეთქდა, როდესაც კაცმა გამათბობლის ჩართვა სცადა.

ბოლო სიახლეები