სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

ინდონეზიაში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში , მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები 10-20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მიუხედავად ბიძგების ხანგრძლივობისა, მიწისძვრის სიმძლავრე დამანგრეველი არ აღმოჩენილა.

როგორც ცნობილია, 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა ზღვის დონიდან 43 კილომეტრის სიღრმეზე არსებული ფილების გადაადგილებამ გამოიწვია. ეპიცენტრი კი, ჯაკარტიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 153 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
ინდონეზიის მეტეოროლოგიის სამსახურის განმარტებით, მიწისძვრას, სიმძლავრიდან გამომდინარე,  ცუნამის გამწვევა არ შეეძლო, – შესაბამისად, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება არ გაუციათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერი, გლობალური SHIP ექსპერიმენტის სპიკერი, პროფესორი ანდრეი გოლუტვინი საჯარო ლექციით წარსდგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერი, CERN-ის გლობალური SHiP ექსპერიმენტის სპიკერი, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორი ანდრეი გოლუტვინი სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით - New Horizons in Particle Phisics with the SHiP Experiment („ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“) წარსდგა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერის საჯარო ლექციას ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პედაგოგები და მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები, სტუ-ში ასევე სამუშაო ვიზიტით მყოფი ცნობილი მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი ტიციანო კამპორეზი ესწრებოდნენ.საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN-ის მეცნიერი ანდრეი გოლუტვინი წარუდგინა. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, CERN/SHiP ექსპერიმენტის სპიკერი და Imperial College London-ის ფიზიკის პროფესორი უკვე მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევებითაა დაკავებული. მისი თქმით, პროფესორი გოლუტვინი სხვადასხვა დროს მუშაობდა HERA-B კალორიმეტრის პროექტზე, ხელმძღვანელობდა CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე LHCb კალორიმეტრის პროექტსა და იყო LHCb ექსპერიმენტის სპიკერი. თამარ ლომინაძის განცხადებით, გოლუტვინი, რომელიც 2013 წლიდან SHiP ექსპერიმენტის ინიციატორია, CERN-მა ამ კოლაბორაციის სპიკერად აირჩია, ხოლო ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნი აღიარება მოიპოვა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საზოგადოებაში.სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერისა და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, ShiP კოლაბორაცია სულ უფრო ფართოვდება, სადღეისოდ ექსპერიმენტში ჩართულია 250 ავტორი-მეცნიერი მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციიდან. მისი თქმით, ShiP ექსპერიმენტი CERN-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად 2024 წლის მარტში დაამტკიცა და ახლო მომავალში მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრებიც აქტიურად ჩაერთვებიან. როგორც ზვიად წამალაიძემ აღნიშნა, საჯარო ლექცია, რომელიც მოიცავს CERN-ის ფიზიკოსის მრავალწლიან გამოცდილებას და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს მრავალმხრივ დააინტერესებს.საჯარო ლექციის - „ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები SHiP ექსპერიმენტით“ - ფარგლებში, პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა აღნიშნა, რომ CERN-ის SHiP (Search for Hidden Particles) ექსპერიმენტი ერთ-ერთი გლობალური პროექტია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც აღმოაჩენს სამყაროში დამალულ, მსუბუქ და სუსტად ურთიერთქმედებად ნაწილაკებს. ექსპერიმენტი ეძიებს ახალ ფიზიკურ მოვლენებს, რითაც შეიძლება პასუხი გაეცეს მატერიისა და ანტიმატერიის ასიმეტრიის, ნეიტრინოების მასებისა და შერევის კანონზომიერებებს, ასევე ბნელი მატერიის წარმომავლობას.როგორც მეცნიერი ამბობს, ShiP ექსპერიმენტს უნიკალური დიზაინი აქვს, რაც საშუალებას აძლევს დეტექტორს აღმოაჩინოს უსუსტესი სიგნალები, რაც უტყუარი პროცესების არსებობის დასტურია. ექსპერიმენტი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გუნდს, მოიცავს ასობით ფიზიკოსს და ინჟინერს, ხოლო ექსპერიმენტის შედეგები შეიძლება გახდეს ბლოკჩეინი ახალი თეორიული მოდელების შემოწმებისა და ელემენტარული ნაწილაკების ფუნდამენტური კანონზომიერებების უფრო ღრმად შემეცნებისთვის.საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გოლუტვინმა აღნიშნა, რომ CERN/ShiP ექსპერიმენტის განხორციელება დაგეგმილია 2031 წლიდან, ხოლო პირველი მონაცემების შეგროვება კი 2032-2033 წლებში განხორციელდება.საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დიალოგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.სტუ-ის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ასევე ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერი, CERN/CMS-ექსპერიმენტის ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი გამართავს.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებისთვის შენობის გამოყოფის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ დადიანის ქუჩა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დროულად დასრულდეს მე-10 სკოლის მშენებლობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლების შემდეგ, საბოლოოდ მოხდა მოსწავლეების შესახლება წერეთლის ქუჩაზე მდებარე 22-ე სკოლის შენობაში, თუმცა იქიდანაც საჭირო გახდა მათი გამოყვანა და ამჟამად სკოლის გარეშე არიან დარჩენილი. მშობლების თქმით, მეათე სკოლის მოსწავლეებისთვის ითხოვენ შენობის გამოყოფას, სადაც მოსწავლეები განაგრძობენ სწავლას იმავე სმენებით, როგორც აქამდე სწავლობდნენ.მშობლები ასევე უარს ამბობენ ონლაინფორმატში სწავლაზე და აცხადებენ, რომ დისტანციურ სწავლებას არანაირი შედეგი არ აქვს.ადგილზე იმყოფებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.„მშობლებისთვის პირველი ალტერნატივა შეთავაზებული იყო 190-ე სკოლა, სადაც ასევე უზრუნველყოფილი იქნებოდა ტრანსპორტი, მაგრამ მეორე ცვლაა და მშობლების მოთხოვნა იყო, რომ ამ პერიოდში მეორე ცვლაზე ვერ გადაერთვებოდნენ. აქედან გამომდინარე, ვიდრე სამხარაულის დასკვნას ველოდებით, მეორე ალტერნატივად შეთავაზებული იყო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა  ერთი კვირით. გარდა ამისა, მიმდინარეობს რამდენიმე კერძო ფართის დათვალიერება, რათა სახელმწიფომ იჯარით აიღოს და სკოლამ გააგრძელოს ფუნქციონირება კერძო ფართებში“, – განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.ამ დროისთვის დადიანის ქუჩაზე აქცია დასრულებულია.

სალომე ზურაბიშვილი – სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება

ვგმობ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ზურაბიშვილის თქმით, ოპონენტების ასეთი დევნა არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, არამედ შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.„რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში. დღეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა, ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია! ოპონენტების ასეთი დევნა არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, არამედ შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს. სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიას“, „რესპუბლიკურ პარტიას“ ამჟამად თავიანთი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ აქვთ და ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.

6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში, რომელსაც ნგრევა მოჰყვა – ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

ბალიქესირი, იზმირი, ბურსა და სტამბოლი - თურქეთის დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარება ბალიქესირის პროვინციაში მდებარე სინდირიგის მუნიციპალიტეტშია, სადაც 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22 საათსა და 48 წუთზე მოხდა. ეპიცენტრის მიმდებარე რაიონებში ღამის განმავლობაში, კიდევ 100-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.დაზარალებულ რეგიონში, ხელისუფლებამ ღამით საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები გადაისროლა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 1100 მეხანძრე მაშველი. სამუშაოებში ჩართულია 214 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მეძებარი ძაღლები.ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, მედიკოსებს დახმარების მიზნით, 26-მა ადამიანმა მიმართა. ადგილობრივი მედია წერს, რომ მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები დატოვა და ღამე ქუჩაში გაატარა.რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.ბალიქესირის პროვინციაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს 6,1 მაგნიტუდის მეორე მიწისძვრაა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით 10 აგვისტოს 1 დაიღუპა, 29 კი დაშავდა. დაინგრა ათობით შენობა ნაგებობა.

გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა შიმშილობა დაიწყეს. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი დარეჯან ცხვიტარიაც.ფოფხაძის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვა არ არის ის ერთადერთი ფორმა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ.„რეალობა შეიქმნა ასეთი, რომ საპროტესტო მოძრაობის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში იჭერენ, ქვეყანა ძალიან ფორსირებულად და დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ. ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს, ეს ყველაფერი ისევ ჩადგეს პოლიტიკურ ჩარჩოში. ჩვენ თუ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანა უბრალოდ ვერ განვითარდება.ქუჩის გადაკეტვა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამ ფორმით ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი საპროტესტო კერის გაჩენა. რასაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, რაც ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, აკეთებს ხელისუფლება, მე მიმაჩნია, რომ ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა. ამ შემთხვევაში ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ ფორმაა, რომელიც არის ეფექტური და, ჩემი აზრით, ამ ვითარებაში არის ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც შექმნა რეჟიმმა“, – განაცხადა ფოფხაძემ.ამასთან, დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ახლა პროტესტის გაგრძელება ყველაზე მნიშვნელოვანია.„მივმართეთ უკიდურეს ფორმას – შიმშილობას. ძალიან ბევრი ვიყავით სიაში და ამ სიიდან 10-15 ადამიანი დაკავებულია. ვფიქრობ, ახლა რუსთაველის გადაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც პროტესტის გაგრძელება. ვინმეს თუ სურვილი აქვს, რომ ეს პროტესტი უფრო გაფართოვდეს, მიიღოს მონაწილეობა. ეს პერმანენტული იქნება“, – განაცხადა ცხვიტარიამ.

ბოლო სიახლეები