პარასკევი, იანვარი 31, 2025

ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი, ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა – კობახიძე

ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე, ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი.

„ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა,“- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს მიმართავს, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძის და თინა ბოკუჩავას ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები. სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“; თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,; ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო“; ბერდია სიჭინავა – „გახარია – საქართველოსათვის“.

ბათუმში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს“ – ამ შინაარსის მოწოდებებით მართავენ აქციას ბათუმის სტადიონთან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის ე.წ. ზებრაზე მოძრაობენ ისე, რომ გზას არ კეტავენ და გამვლელ მძღოლებს ბანერებს აჩვენებენ. აქციაზე ისმის მოწოდებები მეგაფონებისა და საყვირების მეშვეობით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

გიორგი კალანდია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორ და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა ის, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ამ ქვეყანაში უმთავრესია ამ ქვეყნის ხალხის ინტერესები და ამ სახელმწიფოს სუვერენული უფლებები, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ. „ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ვითარდება გარკვეულწილად არასწორად, ეს არის ძალიან დროებითი. მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო სწორი გზით მიდის და მიდიოდა. გარდაუვალია ისიც, რომ არა თავს მოხვევა, არა ხელის გადაგრეხა, არამედ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინება, შეჯიბრებითობის პრინციპი იქნება სულ მალე ევროპაში წარმმართველი, სადაც საქართველო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ. საზოგადოება „ქართულმა“ PACE-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“. მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

საქართველოს საფინანსო სისტემას კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი დაემატა – ნათია თურნავა

ინვესტორები დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოში ბანკები თავიდან ბოლომდე იცავენ სანქციებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სანქცირების კონკრეტული პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა იმდაგვარად იმართება ეროვნული ბანკისა და ბანკების მხრიდანაც ეს პროცესი, რომ სანდოობა არ დაზიანებულა. „სულ რამდენიმე დღეა ჩვენს ბანკებს დაემატა კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა გამოწვევა, რომ ორი ძირითადი საკორესპონდენტო ბანკი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ჩვენს ბანკებთან და დაემატა მესამე, რომელთანაც მოლაპარაკებები წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ასეთ დროს ამერიკული ბანკი აკეთებს ძალიან დეტალურ შესწავლას და ის ფაქტი, რომ მან უკვე გახსნა ჩვენთან საკორესპონდენტო ანგარიში და აპირებს ამ პროცესის გაგრძელებას, ადასტურებს, რომ რისკები იყო იმდაგვარად შეფასებული, რომ ჩვენი მიმზიდველობა, როგორც პარტნიორის არ დაზიანებულა. მინდა ვთქვა, მაქვს დიდი იმედი, როგორც მოქალაქეს, რომ მალე პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთება. როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი გეტყვით, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად იცავს სანქციებს. რა თქმა უნდა, ვალდებულია ადგილობრივი კანონმდებლობაც დაიცვას და ჩვენ ვახერხებთ თითოეული ასეთი ქეისის წარმატებით მართვას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი...

რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. "არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია "დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი - ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, 100 000-ობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები