კვირა, ივნისი 7, 2026

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რაც საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს  გაუსვა ხაზი.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია. ასევე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მაღალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში ჩვენ საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის კორიდორის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე წარმატებით ვითარდება და ამ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის არსებული ეს თბილი ურთიერთობები მომავალშიც მოემსახურება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – მიმართა ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები აღმავლობის გზაზეა. გასული წელი ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში განსაკუთრებული ზრდით აღინიშნა. აზერბაიჯანი არის საქართველოს პირველი საინვესტიციო პარტნიორი. დამატებით მინდა ვთქვა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, აზერბაიჯანი ვიზიტორების მხრივაც პირველ ადგილზეა, რაც ძალიან გვახარებს. სტრატეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ – ბაქო თბილისი-ყარსისპროექტი, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე  გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული ფორმატები  პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს და ეს  ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე. მინდა, ასევე მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე. ეს, საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას ღირსეულად აღვნიშნავთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი პესკოვი – ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე, არ გაგვიზვიადებია აშშ-ის შესაძლებლობა, გადაჭრას რთული პრობლემა, ამავე დროს, მივესალმებით მათ მზაობას, განაგრძონ დახმარება მოლაპარაკებებში

რუსეთი აშშ-ის შუამავლობის შესაძლებლობებს ვარდისფერი სათვალით არასდროს უყურებდა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე და არასოდეს გაგვიზვიადებია ვაშინგტონის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას რაიმე რთული პრობლემა. საბოლოო ჯამში, ვაშინგტონი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მისდევს, ჩვენ ამას პატივისცემით ვეკიდებით. ამასთანავე, ჩვენ მივესალმებით ვაშინგტონის მზაობას, განაგრძოს კეთილი სამსახურის გაწევა და დახმარება უკრაინის გარშემო მოლაპარაკებების მოგვარებაში“, – აღნიშნა პესკოვმა.კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს.

პიტ ჰეგსეტი – სამწუხაროდ, ევროპის სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, ნავები და ხალხი ჩადიან, როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ? თუ უკვე გვიანია?

სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა საფრანგეთში, სადესანტო სამხედრო ოპერაციის, იმავე D-Day-ს 82-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ესპანეთისა და იტალიის სანაპიროები; საბერძნეთისა და ბულგარეთის. ნავები და ხალხი ჩადიან. როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ? თუ უკვე გვიანია? ვლოცულობ და მჯერა, რომ არა. კაცმა, რომელიც აქ იბრძოდა და დაიღუპა, ევროპაში თავისუფლება აღადგინა. ეს თავისუფლება ლიდერებისა და მებრძოლების ამ თაობამ უნდა შეინარჩუნოს, თორემ რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, მხოლოდ დროებითი იქნება. დღეს, როდესაც სულ უფრო რთულ საფრთხეებს ვაწყდებით, ვიხსენებთ 82 წლის წინ ამ სანაპიროებზე ნასწავლ გაკვეთილებს. ძლიერი მოკავშირეები, რომელთაგან თითოეული სრულად არის ერთგული თავისი როლის შესრულების, იმარჯვებენ ომებში. აქ დაკრძალული მამაკაცები იბრძოდნენ საომარ ალიანსში, სადაც თითოეულმა პარტნიორმა სრული მონდომება, გამბედაობა და თავგანწირვა გამოიჩინა. არც ცარიელი ლოზუნგები, არც მდიდრული სამიტები, არც კომუნიკეები –  ნამდვილი მოკავშირეები არიან, რომლებიც რეალურ საქმეებს აკეთებდნენ, რეალურ დანაკარგებს იღებდნენ საერთო მიზნისთვის, რომლისთვისაც ბრძოლა და სიკვდილი ღირდა. თითოეულმა ერმა გაიღო თავისი წილი. თითოეულმა ერმა სისხლი დაღვარა. ამერიკა იქნება ლიდერი და ასე უნდა იყოს, მაგრამ ქმედითუნარიანი მოკავშირეები უნდა გვედგნენ გვერდით, მხარდამხარ კრიტიკულ მომენტში“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.

„ადამიანი არ უნდა გაუცხოვდეს რეალურ ცხოვრებას“ – მეუფე ანდრიას გზავნილი ციფრული ეპოქის შესახებ

,,გუშინ წილად მხვდა პატივი და ბედნიერება შევხვედროდი გორისა და ატენის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მეუფე ანდრიას — ღირსეულ, თავმდაბალ, ღრმა აზროვნების მქონე და გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ფილოსოფიისა და თანამედროვე სამყაროში ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი დიალოგის შესაძლებლობა შექმნა. შეხვედრისას ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე — თეოლოგიიდან და სულიერებიდან დაწყებული, სოციალური და კულტურული გამოწვევებით დამთავრებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის საერთო საზრუნავი, რომელიც ორივეს გვაერთიანებდა: ახალგაზრდების მომავალი და ე.წ. „ციფრული დამოკიდებულების“ მზარდი პრობლემა. ეს არის გამოწვევა, რომელიც თანდათან ქმნის არასასურველ დისტანციას ადამიანს, ოჯახსა და საზოგადოებას შორის. მისი შედეგები ერთნაირად შესამჩნევია როგორც საქართველოში, ისე ირანში და საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებასა და შესაბამის ნაბიჯებს. ჩვენი საუბრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთში მეუფე ანდრიამ ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მედიის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვა. მისი შეფასებით, დღეს მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებები ნამდვილად რევოლუციური მასშტაბის მოვლენაა. თუმცა, ამ პროცესისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, საჭიროა მისი სიღრმისეული გააზრება და ისეთი გზების მოძიება, რომლებიც ადამიანს შესაძლებლობას მისცემს სრულად ისარგებლოს ციფრული ეპოქის შესაძლებლობებით და ამავე დროს არ აღმოჩნდეს იზოლაციისა და რეალური ცხოვრებისგან გაუცხოების საფრთხის წინაშე. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო შესაძლებლობა, ურთიერთპატივისცემისა და გულწრფელობის ატმოსფეროში გვესაუბრა მართლმადიდებლურ და შიიტურ სულიერ ტრადიციებს შორის არსებულ ზოგიერთ საერთო ფასეულობასა და შეხედულებაზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი დიალოგი ხელს უწყობს ირანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას და კულტურული, სულიერი და ჰუმანური კავშირების განმტკიცებას. ჩვენი საუბრის განმავლობაში არაერთხელ დავუბრუნდით ერთ საერთო იდეას: ადამიანის კავშირი ღმერთთან მხოლოდ პირადი და ინდივიდუალური გამოცდილება არ არის. იგი გავლენას ახდენს ადამიანის პასუხისმგებლობის აღქმაზე ოჯახის, სამშობლოს, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ. ეს ხედვა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთო წერტილია ჩვენი ორი ერის სულიერ ტრადიციებს შორის. მეუფე ანდრია ჩემთვის წარმოჩნდა როგორც განათლებული, ფართო ხედვის მქონე და ბრძენი სასულიერო პირი, რომელიც პატივისცემითა და კეთილგანწყობით საუბრობს თანამედროვე ირანზე. ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთგაგებას, მეგობრობასა და თანამშრომლობას ირანელ და ქართველ ხალხებს შორის''-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს

პეტერ მადიარმა საზოგადოებრივი მედიის რეფორმა დააანონსა – „მიზანი დაბალანსებული ინფორმირებაა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი საზოგადოებრივი მედიის რეფორმას აანონსებს.აღნიშნულთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.„მომდევნო კვირას პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ. მიზანი დაბალანსებული ინფორმირებაა. „ახალი ამბები წმინდაა, მოსაზრება – თავისუფალი“, – წერს მადიარი.

ნიკა გვარამია – საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო საქმე რომ დაჩქარდა? სასამართლო პროცესი 11 ივნისს გადმოინიშნა – ახლა თავად...

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ე.წ. საბოტაჟის საქმე, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არის აღძრული, "უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა“.ნიკა გვარამიას თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს.„საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის და მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე, სადაც ლამის მთელი ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი სამართლდება, რომ დაჩქარდა?25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით „უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც პროცესები უსასრულოდ იწელება, მით უმეტეს, ზაფხულში. და ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს და მნიშვნელოვან წილად სწორედ ამაზე „ჰკიდია" უვიზო მიმოსვლის ბედი.ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ, სინამდვილეში, რა უნდა და რას აპირებს „ქართული ოცნება“,- წერს ნიკა გვარამია.ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ ბრალდება წარდგენილი. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

ბოლო სიახლეები