ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანნ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.
შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე გამოცხადდება.
მთავრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების შეკრება გაიმართა.
შეკრების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, გიორგი გვალიამ სტუდენტთა მიღების კვოტების დამტკიცება არალეგიტიმურად შეაფასა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ სამართლებრივად და პროტესტის გზით აპირებენ უმაღლესი სასწავლებლის დაცვას.
„პრინციპულად არ ვეთანხმებით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას. ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით დავიცავთ ამ 20 წლის მონაპოვარს. გადაწყვეტილების მიმღებებს არანაირი შეხება არ აქვთ განათლებასთან“, – აღნიშნა დობორჯგინიძემ.

