სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მერაბ კოკოჩაშვილი საპატრიარქო სიგელით დააჯილდოვა. როგორც მეუფე შიო მუჯირმა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში განაცხადა, რეჟისორს სპეციალური ჯილდო, ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი გადაეცა.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჯილდოებს ჩვენს სასიქადულო რეჟისორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით, წაგიკითხოთ ეს სიგელი:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.
ასევე, ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდო – ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი. ბატონო მერაბ, ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგრძელოთ. ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა“,- განაცხადა მეუფე შიომ.
მერაბ კოკოჩაშვილმა ჯილდოსთვის მადლობა გადაიხადა.
„დღევანდელი დღე ჩემთვის არის განსაკუთრებული, ვინაიდან თქვენ მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჯვარი ეს არის ნიშანი იმისა, რომ უნდა იყო რწმენითა და სულიერებით სავსე, უნდა იყო სავსე სიმართლით და თავდადებული შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. უღრმესი მადლობა“,- აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა.