ხუთშაბათი, იანვარი 9, 2025

ილია მეორე – ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს

დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.

უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10).

წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს.

ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.

ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი;  ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.

მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები –  მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.

ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სვანეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული  ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს  მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი  მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ", - წერს პროკურატურა. ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად),  143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი თქმით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ქუჩებზე 9 იანვარს შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის  გორის, შმიდტის, ტატიშვილის, ბურძგლას, საირმის, გონიაშვილის, ანჯაფარიძის, მინდელის, სანდრო ეულის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას. სამგორის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის  მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 X კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, შუამთის, გახოკიძოის, კალოუბნის, იყალთოს, ვასაძის, საცხენისის, აბაშვილის, მიშველაძის, ბერიაშვილის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, ჯავახეთის, აბულაძის, მზითაგორის, ნაირაშვილის, მაისურაძის, შტენბერგის, შანდორ პეტეფის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის, ლაღიძის და მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ჯო უილსონი თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატების კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. „მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების ამ განცხადების ხელმძღვანელი.  მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ სამიტის შეხვედრებისგან ივანიშვილის რეჟიმთან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ“ - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.   მასალა შეივსება.

ჯო უილსონი საქართველსოთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვას ავრცელებს. ამერიკელი კონგრესმენის თქმით, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, ყოფილი თანამდებობის პირები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი. ხელმომწერები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, არ გამართონ შეხვედრები, როგორც ისინი უწოდებენ, უკანონო რეჟიმთან, ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს. ისინი მოუწოდებენ დემოკრატიულ მთავრობებს, ერთიანი სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც, მათი თქმით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს. „ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიამ აირჩია, უგულებელყოს ოპოზიციის და საერთაშორისო მონიტორების ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დასვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათას დემონსტრანტს ღამის აქციებზე. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ მათ გვერდით“, – აღნიშნულია მიმართვაში. კონგრესმენის, ჯო უილსონის მიმართვას 43 ადამიანი აწერს ხელს.

რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 18 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა. კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.

ბოლო სიახლეები