29 ივნისს UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას ლას ვეგასში დაუპირისპირდება.
ამერიკაში ჩასულმა 28 წლის ქართველმა მებრძოლმა ღია ვარჯიში ჩაატარა და მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მოსამზადებელი ეტაპის დროს ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, რადგან დიდი წონა დასაკლები არ მქონია. 29 ივნისს შესანიშნავ სანახაობას გპირდებით.
ამ დონეზე ყოველი დაპირისპირება უდიდესი გამოცდაა, მარტივი ბრძოლები აღარ არსებობს. ჩარლზიც და ისლამიც მაღალი კლასის სპორტსმენები არიან და განსხვავებული სტილით იბრძვიან.
სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, ოლივეირასთან გრეპლინგშიც უპირატესობა ჩემს მხარესაა და პარტერშიც თავს მასზე უფრო ძლიერად ვგრძნობ.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება დაპირისპირება, გამარჯვება მახრჩობელა ილეთითაც შემიძლია და ნოკაუტითაც. ვფიქრობ, ბრძოლა პირველ რაუნდში ჩემი გამარჯვებით დასრულდება. ჩარლზი მუდამ წინ მიიწევს, დისტანციის შემცირება თავადვე მოუწევს, ასე რომ, პირველივე წამიდან ოქტაგონის ცენტრში შევხვდებით.
თუ ერთხელ მაინც დავაზიანებ, დაბრუნების შანსს ვეღარ იპოვის. ჩემი დარტყმის ძალა განსხვავდება იმისგან, რაც მის მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ“, – აღნიშნა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია MMA-ს კარიერაში დაუმარცხებელია (16:0). გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.
შედეგად, მსუბუქი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის 29 ივნისს ქართველი მებრძოლი ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. 35 წლის ბრაზილიელი ამ წონის ჩემპიონი იყო, მას MMA-ს კარიერაში 46 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 35 მოიგო.