გუშინ, 29 მარტს, ბზობის დღესასწაულზე, ისრაელის პოლიციამ კათოლიკე სასულიერო ლიდერებს იერუსალიმში, მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში (იგივე აღდგომის ტაძარი – რედ.) შესვლა აუკრძალა, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებას წარმოადგენს. აღნიშნული ნაბიჯი უკიდურეს შეშფოთებას იწვევს, რადგან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოახლოებული ცერემონიის წინ გაურკვევლობას ქმნის დაუსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულ ეჭვებს აჩენს.
გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კათოლიკეებს ბზობის ღვთისმსახურებაზე დასწრება აეკრძალათ, შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს მითითება, რომ იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქს აღდგომის ტაძარში რელიგიური მოვალეობების შესრულების უფლება მისცემოდა.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ, თუმცა უკვე ცხადია, რომ დრაკონული შეზღუდვები დაწესდება. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, აღდგომის ტაძარი მაქსიმუმ 50 მლოცველისთვის გაიღება, თუმცა ეს მონაცემი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
უნდა აღინიშნოს, რომ მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარი არ არის ერთადერთი საკულტო ადგილი, რომელსაც მკაცრი ზომები შეეხო – რამდენიმე დღის წინ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმავე გამოწვევების ფარგლებში, მუსლიმი მლოცველებისთვის ალ-აქსას მეჩეთიც დაიკეტა.

