ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთი „თალიბანის“ ხელში ადგილობრივი მთავრობის ჩამოშლის გამო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის ჩამოშლაში დაადანაშაულა.
„ჩვენ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრული მარცხის მოწმენი გავხდით, რამაც შემდეგ „თალიბანთან“ ბრძოლის ყველა ფრონტზე მარცხი გამოიწვია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, რა გავლენა იქონია ქაბულის დაცემაზე აშშ-ისა და ნატოს გასვლამ ავღანეთიდან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მომავალში მკვლევარები შეაფასებენ.
„ჩემთვის მთავარი ამოცანა – ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ავღანეთიდან ხალხის გამოყვანაა“, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა.