ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ეხმიანება. ელჩის განცხადებით, ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილია და იქ ოფიციალური თბილისის გარეშე რაიმეს განხორციელება, დაუშვებელია.
“ჩვენ რა თქმა უნდა არ ვცნობთ რუსეთის ძალაუფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, რადგანაც ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და შესაბამისად იქ რაიმეს განხორციელება საქართველოს თანხმობის გარეშე არის მიუღებელი“- განაცხადა იან კელიმ ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდზე ოფიციალური მიღების დაწყებამდე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს. ამ საკითხზე მან საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმაც. რაულ ხაჯიმბა სოხუმის №14 სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე გამოცხადდა.
არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის. მაგრამ არც რუსეთში და არც მის გარეთ ამ არჩევნებისგან სიურპრიზს არავინ ელის. გამარჯვებულის ვინაობაში ყველა წინასწარ დარწმუნებულია და ეს არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ამ პოსტზე კენჭს უკვე მეოთხედ იყრის.
რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის გარდა სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინისა, იბრძვიან რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, “სამოქალაქო ინიციტივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ზრდის პარტიის ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე ხმაურიან ოპონენტს.