ჩვენ მაინცდამაინც ჯერ ვერ გავიგეთ, რა ფორმატში გვეპატიჟებიან, მაგრამ ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მზადყოფნას გამოთქვამს, 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გამართოს.
„ველოდებით, რა იქნება შემოთავაზება და ასევე ველოდებით, როგორ ახსნის პრემიერი მისავე განცხადებას, რომელიც მთელი სამყაროსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო გაუგებარი. ჩვენ რაღაცნაირად ჯერ გავიგეთ, რომ დასავლეთისკენ და ევროპისკენ სწრაფვა შევაჩერეთ, მერე – არ შეგვიჩერებია. ბოლოსდაბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა დასვას სათანადო შეკითხვა, რომ გავიგოთ, საით მივდივართ. ახლა ვარკვევთ, რამდენ ადამიანს შეგვიძლია მისვლა, ერთი არის საჭირო, ერთი მივა, თუ ორი, ორი მივალთ, სამი თუ არის საჭირო, სამით მივალთ, ოთხი თუ არის, ოთხი მივალთ. ოთხზე მეტი მაინცდამაინც არ გვჭირდება, მაგრამ თუ საჭიროა, ათითაც მივალთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.