„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება მათი კრიტიკისკენ აქვთ აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ.
როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდა, თავის ამომრჩეველს უთხრას, რომ ამერიკელებს ელაპარაკებოდნენ, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მაგრამ მათ პატივი არ სცეს.
„„ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდათ, თავიანთ ამომრჩეველს უთხრან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამერიკელებს ველაპარაკებოდით, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მათ კი ჩვენს დამოკიდებულებას პატივი არ სცესო, ამიტომ გადავალთ მათი შეურაცხყოფის რიტორიკაზე. ეს ჩანართი ასეთი ტიპის პრელუდია მგონია. ეს დოკუმენტი საერთოდ არ არის იმისთვის, რომ ამერიკელებმა წაიკითხონ. ის არის ქართველ ამომრჩეველზე გათვლილი და არა ამერიკელებზე, რომლებიც ამას ყურადღებით გაეცნობიან. მათთვის კარგია, ამერიკელებთან ურთიერთობა რომ დაალაგონ და ტრამპმა „ქართული ოცნება“ შეიყვაროს ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს რომ არ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, ამერიკელების კრიტიკისკენ აქვს მიმართულება აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.