მე მოვუწოდებ „ნაცებს“, ნუ აფერხებენ საკუთარ წარმატებას, გაერთიანებას რაღაც უაზრო კოალიციობანას თამაშით, შეთანხმების ტექსტში ჩაიწეროს მარტივი სიტყვები: „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა, ერთ წამში აღმოიფხვრება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უზენაესობის აღიარებით, შეიძლება, მოხდეს გაერთიანება.
„ახლა თვალს ვადევნებდი „ნაცმოძრაობის“ გაერთიანების მცდელობას, მაგრამ როგორც ჩანს, წარმატებულად არ მიდის ეს საქმე და ხალხი ლაპარაკობს, რომ ჩვენ ძირითად სამუშაო დოკუმენტებზე თუ პრინციპებზე შევთანხმდით, ერთობა აუცილებელია და ა.შ. ეს ჩვენ გვესმის წლებია უკვე და აქედან არაფერი გამოდის, რადგან ეს მონაწილეები, ყოფილი „ნაცები“ გაერთიანებას აპირებენ მთავარი ფაქტორის დაიგნორების გარეშე. მთავარი ფაქტორი არის მიშა. „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის მიშა აერთიანებდა და ნებისმიერი გაერთიანების მცდელობა, რომელიც ამ ფაქტორს უგულებელყოფს, არ იქნება წარმატებული. მანამდე, ვიდრე ეს ხალხი, ვინც იქ არის შეკრებილი, ხალხი, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი, მერე უღალატეს მიშას და დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყეს, არ შეთანხმდებიან იმ პრინციპზე, რაზეც იდგა სულ „ნაცმოძრაობა“, რომ მიშა ყოველთვის მართალია, არაფერი გამოვა. ამიტომ, მე მოვუწოდებ „ნაცებს“, ნუ აფერხებენ საკუთარ წარმატებას, გაერთიანებას რაღაც უაზრო კოალიციობანას თამაშით. მარტივად, შეთანხმების ტექსტში ჩაიწეროს მარტივი სიტყვები: „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“. შესაბამისად, ყველა პრობლემა, რომელიც ახლა უდგათ ამ ადამიანებს, „ნაცმოძრაობის“ ყველა ლიდერს, ერთ წამში აღმოიფხვრება. მიშას რაც შეეხება, ის საკმაოდ ადვილად პატიობს ღალატს ადამიანებს, ამიტომ მიშას გულმოწყალების იმედით და მიშას უზენაესობის აღიარებით, შეიძლება მხოლოდ, მოხდეს ეს გაერთიანება. დანარჩენი ნებისმიერი გზა არის წყლის ნაყვა და მე არ მიხარია, როცა ჩემი კოლეგები სრულიად უაზროდ ნაყავენ წყალს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

