პარასკევი, მარტი 14, 2025

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა.

ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმრო 161-ნომრიანია. სასტუმროს განლაგებამ საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.

მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.

ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.

შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტზე ბევრი ვიზიტორია. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. იუსტიციის მინისტრმა ხანძართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ერდოღანის განკარგულებით, კურორტზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტი ქოროღლუს მთებში, ბოლუდან 38 კილომეტრში და სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანდრეი სიბიგა – ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს წინადადებაზე უკრაინამ თქვა „დიახ“, იმიტომ რომ უკრაინას სურს მშვიდობა, პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობებს აყენებს

ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს წინადადებაზე უკრაინამ თქვა „დიახ“, იმიტომ რომ უკრაინას სურს მშვიდობა, პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობებს აყენებს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეთანხმება ზავის იდეას, თუმცა არსებობს ნიუანსები.როგორც ანდრეი სიბიგა წერს, „ეს არის განსხვავება“.„ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ის წინადადებაზე უკრაინამ თქვა „დიახ“, იმიტომ რომ სურს მშვიდობა. პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობებს აყენებს. უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს. პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს. მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ შენიღბვაა“, – წერს ანდრეი სიბიგა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს, 14 მარტს გამოცხადდება.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.პროცედურულად, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა სააკაშვილმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, უცნობია, ის ამ უფლებას გამოიყენებს თუ არა და ჩაერთვება თუ არა დისტანციურად კლინიკა „ვივამედიდან“.გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა თურქეთს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით პარტნიორად ხედავს, კიევი მზადაა, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწეროს ხელი

უკრაინა თურქეთს ხედავს, როგორც პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, კიევი მზადაა, მოაწეროს ხელი სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლატს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, დრონების წარმოებაში თანამშრომლობა და უკრაინის რეკონსტრუქციაში თურქული კომპანიების ჩართულობა განიხილეს.„მნიშვნელოვანია, რომ თურქული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია უკრაინაში. ჩვენი ქვეყანა აფასებს ამას, ისევე როგორც თურქეთის მხარდაჭერასა და დახმარებას, განსაკუთრებით კი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონების მიწოდებას. უკრაინა თურქეთს მიიჩნევს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე პარტნიორად უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით და მზადაა, ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას თურქეთთან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომავალი ვიზიტის დროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება ეს ვიზიტი.ამასთან, ომერ ბოლატი და იბრაჰიმ იუმაკლი დაესწრნენ თურქეთსა და უკრაინას შორის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას, რომელიც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას ეხებოდა.

ჯეი დი ვენსი – შოკირებული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოისურვებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ შოკირებული იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღი აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას მოისურვებს.„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, ვენსმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ანჯეი დუდამ მოუწოდა აშშ-ს თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს. ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მომავალი აგრესიისგან.„პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, მაგრამ შოკირებული ვიქნები, თუ ის მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ჯე დი ვენსმა.

„ბლუმბერგი“ – უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა

უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი უნგრეთთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძლებლად დათმობაზე წავიდა. გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნით სანქციების სიიდან სამი პირი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისზეა საუბარი.„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 14 მარტამდე გაგრძელდება ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც საშუალებას იძლევა, ექვსი თვით გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ბლუმბერგი“ წერს, რომ სანქციების გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 14 მარტია.

ბოლო სიახლეები