ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება

ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება, – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე – უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – ილია მეორის სახით, ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც გვიანდერძა

ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ ილია მეორის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, ილია მეორის უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესია, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა გაძლიერებული, გამართული ეკლესია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო ბიძინა, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას. ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას, მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა.მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ, ამ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. მინდა, მოგისამძიმროთ დღეს ყველას მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. მას ჰქონდა საოცარი თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარული, მასშტაბი, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან. საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ცხოვრება ჩვენი, ვისაც გვქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელ ჯვარს.ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება, მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. მინდა, დავამატო, რომ როგორც უკვე გაიგეთ, მისი დასაფლავება მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განღმრთობისკენ და სულის ცხონებისკენ.შეიძლება ითქვას, არ არის შემთხვევითი, რომ მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში იყო შერწყმული მოწამებრივი გზა და ღვაწლი, სულიერ კიბეზე უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა, დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა.შეუძლებელია, დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, ჩვენი გული სავსეა ემოციებით, ფიქრებით და სიყვარულით, მაგრამ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.მეუფე შიოს თქმით, ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება.„მწუხარებასთან ერთად, ჩვენი გული ივსება სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, როგორც დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებასა და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და ცხოვრებამ.კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული. ჩვენ შეგვაძლებინოს, ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან, ღირსეულად შევძლოთ, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს, ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე – ილია მეორის მსახურება რწმენის სიმტკიცის დასტური იყო, მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.„მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხანგრძლივი პაპური მსახურება რწმენის სიმტკიცისა და სულიერად ერთგული ლიდერობის დასტური იყო. მისი პონტიფიკატი აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით და ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და აღორძინებით. რთულ დროს კურთხეული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს, მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას“, – განაცხადა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სამძიმარში.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე – მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის ნეტარი წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს,საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღვრის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ რა მის მამობრივ სიყვარულს მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ, მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე იობმა ჟურნალისტებს განუცხადა.„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა.ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი – დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.წერილში ნათქვამია, რომ ილია მეორის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს.„დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მართვის განმავლობაში ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში.სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს, ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ მძიმე დანაკარგის დროს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები