ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

თორნიკე მოლაშვილი: ბაჩიაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ათეულობით მილიონი მოჰპარა, გვიმტკიცებს, თითქოს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება მის მიმართ არაცივილიზებულია, ხოლო “კრედიტ სუისს”, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი გაძარცვა, ცივილიზებული სამყაროს სტანდარტად მიიჩნევს

„უკვე დიდი ხანია იმის დამალვას აღარავინ ცდილობს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟისა და ზეწოლისთვის იყენებენ. ამასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გაკეთდა და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებმაც დაადასტურეს!“,- ასე ეხმიანება სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის სტატუსს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადება აკრიტიკებს.

თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო მალე გაიმართება და საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ მას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

„ამ ფონზე, ბაჩიაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ათეულობით მილიონის ღირებულების ბიტკოინი თვალსა და ხელს შუა მოჰპარა, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არარსებული პირადი შურისძიების მოტივებს ხედავს და გვიმტკიცებს, თითქოს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება მის მიმართ არაცივილიზებულია, ხოლო “კრედიტ სუისის”, მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემისა და შვეიცარიის ქცევას, ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად მიიჩნევს. მალე ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო გაიმართება და საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ ამ კაცს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ფაქტები კი მხოლოდ მის ბრალეულობას ადასტურებენ! მეორე მხრივ, ბაჩიაშვილმა ზედმიწევნით ზუსტად იცის “კრედიტ სუისის” ქმედებების შესახებ და მათ ქცევას ცივილიზებულს უწოდებს. ამ კაცს მიაჩნია, რომ ცივილიზებული და ნორმალურია, როდესაც შვეიცარიის პროკურატურა უკვე 10 წელია, დამსახურებული კრიტიკის ფონზე, საქმეს არ იძიებს და ამტკიცებს, თითქოს, თავის დროზე განუზომლად დიდი ავტორიტეტის მქონე შვეიცარიული ბანკიდან, ივანიშვილის კუთვნილი მილიარდი ერთმა კაცმა მოიპარა.“,- წერს მოლაშვილი.

მისივე განცხადებით, შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუტების მქონე მანამდე იყო ვიდრე “გლობალური ომის პარტია” მთელ მის სახელისუფლებო ორგანოებში, ინსტიტუტებსა და საბანკო სისტემაში საკუთარ აგენტებს ჩანერგავდა „შვეიცარია ცივილიზებული, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუტების მქონე და სამაგალითო ქვეყანა მართლაც იყო, თუმცა, ეს მანამდე სანამ “გლობალური ომის პარტია” მთელ მის სახელისუფლებო ორგანოებში, ინსტიტუტებსა და საბანკო სისტემაში საკუთარი აგენტების ჩანერგვას მოახერხებდა! სამწუხაროდ, დღეს ის შვეიცარია, რომელიც თავის დროზე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, საკუთარი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტად ითვლებოდა და ადამიანების ნდობას მსოფლიოს ყველა წერტილიდან იმსახურებდა, აღარ არსებობს! დღეს მხოლოდ იმ შვეიცარიის ლანდია დარჩენილი!“,-აცხადებს მოლაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 5.2 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო, სურსათის გამორიცხვით ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.4 პროცენტი შეადგინა. ასევე, მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.5 პროცენტის ფარგლებში, შენარჩუნდა. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ დაბალია (0 პროცენტი), დიდწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს.სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2025-2026 წლებში მცირედით ზემოთ გადაიხედა, რაც, მეტწილად, სურსათის მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. მიმდინარე ცენტრალური პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება. სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს და მისი ეფექტები ეტაპობრივად იწურება. ცენტრალური სცენარიც სწორედ ასეთ განვითარებას მოიაზრებს. კერძოდ, აღნიშნული დინამიკა დროებითი ხასიათისაა და არ იწვევს ე.წ „მეორე რაუნდის“ ეფექტებს, რაც გულისხმობს, რომ ზეწოლა არ გადადის სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზე.ამასთანავე, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად უბრუნდება თავის გრძელვადიან ზრდის ტემპს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ–სექტემბერში რეალური მშპ საშუალოდ 7.7%-ით გაიზარდა. ერთობლივი მოთხოვნის მის გრძელვადიან ტრენდთან დაახლოებას დამატებით ხელს უწყობს, ფინანსურ ბაზარზე ფინანსური პირობების გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნება. ეს უკანასკნელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების დინამიკაში აისახება.მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომელიც მპკ-მ განიხილა, ერთი მხრივ, მოიაზრებს გლობალური ინფლაციური რისკების რეალიზებას. კერძოდ, აშშ-ს სატარიფო პოლიტიკის ხელახალი გამწვავება, გლობალურად ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაააქტიურებს და შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მიწოდების ჯაჭვებზე. ეს კი საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული ტიპის საქონლის ფასების დამატებითი ზრდის რისკებს აძლიერებს. ამ სცენარით, სატარიფო პოლიტიკასთან ერთად, გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაციის რისკებიც საყურადღებოა, რადგანაც იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასებზე.მაღალინფლაციური სცენარი ეგზოგენურ ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური რისკების რეალიზებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ფასების საერთო დონის მიზნობრივზე მაღალი ზრდის ხანგრძლივად შენარჩუნებამ შესაძლოა ინფლაციური მოლოდინები გააძლიეროს. ამავდროულად, თუ ასეთ ვითარებაში, ერთობლივი მოთხოვნა მის პოტენციურ დონეზე ძლიერი შენარჩუნდება, მოთხოვნის მხრიდან ფასებზე წნეხი გაძლიერდება. ამ რისკების რეალიზება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას მოითხოვს. მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეს სცენარი, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზების მსგავსად, მოიაზრებს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად კლებად ტენდენციას, რომელიც მიწოდების ზრდისა და გლობალური მოთხოვნის შენელების ასახვა იქნება. ამავდროულად, ამ სცენარით, დოლარის გლობალურად შესუსტებული პოზიციის ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდება, რაც იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. დამატებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს.მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. თუმცა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.

სტუ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო – „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები და ინჟინრები - სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები - იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო - „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ (Breakthrough Prize in Fundamental Physics) გადაეცათ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს: კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და CERN-LHC ჯგუფის წევრებს - არსენ ხვედელიძეს, იური ბაღათურიას, ირაკლი ლომიძეს, დავით ლომიძეს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს.ქართველ მეცნიერებს პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს მოპოვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN/CMS კოლაბორაციის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს და აღნიშნავს, რომ მორიგი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მეცნიერების სოლიდურ წვლილს მატერიის ბუნებისა და სამყაროს ევოლუციის შესწავლაში.„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“, რომელიც 24 ქართველ მეცნიერს, მათ შორის კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს მიენიჭა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერებისათვის. ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა გლობალურ კვლევაში, მათ შორის, CERN-ის უმსხვილეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ფუნდამენტური და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებებს და შესაძლებელს ხდის სამყაროს კიდევ უფრო ღრმად შემეცნებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა წვლილი CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, სადაც იყენებენ იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც გარდამტეხ გავლენას იქონიებს კაცობრიობის მომავალზე. ვულოცავ ჩვენს მეცნიერებსა და ინჟინრებს ამ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მოპოვებას და მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის,“ - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) პროგრამის CMS კოლაბორაციის აქტიური წევრია და ქართველი ფიზიკოსები ინტენსიურად მონაწილეობენ მის სამეცნიერო საქმიანობაში. ქართველი ფიზიკოსების სამეცნიერო საქმიანობა CMS ექსპერიმენტში, ძირითადად, 2 სუბდეტექტორის, მიონური სისტემის RPC (Resistive Plate Chamber) და მაღალი გრანულების კალორიმეტრის HGCAL ( High Granularity Calorimetr) ჯგუფებში მიმდინარეობს; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათი აქტივობა HGCAL კალორიმეტრზე - ერთადერთ დეტექტორზე, რომელიც უნივერსალური კალორიმეტრია და პირველად იქმნება მსოფლიოში. ის განკუთვნილია კოლაიდერის HL-LHC (High Luminosity Large Hadron Collider) რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით CMS ექსპერიმენტისთვის.

გიორგი კახიანი – სარჩელის განხილვის ვადად ცხრა თვეა დადგენილი, თუმცა იმედი გვაქვს, ეს უფრო მალე მოხდება, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯარო იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის ვადად ცხრა თვეა დადგენილი, თუმცა იმედი გვაქვს, განხილვა უფრო მალე მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, სარჩელში ისეთი მტკიცებულებებია წარდგენილი, რაც სამი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საფუძველი გახდება.„მგონია, საზოგადოება ყველაზე მეტად ხვდება, კონსტიტუციური სარჩელი როგორ უნდა შეფასდეს. მათ კარგად იციან, რაოდენ დიდი მავნებლობა აქვს ჩადენილი ამ სამ ოპოზიციურ პარტიას ქვეყნის წინაშე. საპარლამენტო უმრავლესობის ვალდებულებაც კი იყო, ასეთ მავნებლურ პოლიტიკას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. ამის სამართლებრივი გზა ერთია, იმისთვის, რომ არაკონსტიტუციურად იყვნენ ცნობილი პარტიები, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს. განხილვის ვადად ცხრა თვეა დადგენილი, თუმცა იმედი გვაქვს, სარჩელის განხილვა უფრო მალე მოხდება. სარჩელში ისეთი მტკიცებულებებია წარდგენილი, რაც ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საფუძველი გახდება. განხილვა საჯარო იქნება და ხალხი ყველაფერს თავისი თვალით ნახავს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

გურამ მაჭარაშვილი – ჩიხური მდგომარეობა თავად ჰერჩინსკის აქვს, ვერ გამოვიდა იმ ნარატივიდან, რომ საქართველოში თურმე უნდა იყოს ლგბტ პროპაგანდა, ომი და ამის შემდეგ ქვეყანას...

ევროკომისია მოგვიწოდებს, გავაუქმოთ ის კანონები, რაც მოზარდებს იცავს. ეს არ მოხდება. მოგვიწოდებენ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ახლა ევროპაში თავად იღებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში დაცული იქნება ეროვნული ინტერესები და ტრადიციები.„ევროკავშირში რომ პრობლემები არსებობს, ეს ევროპულმა სახელმწიფოებმაც აღიარეს, მათ შორის იყო უნგრეთი, სლოვაკეთი. პირდაპირ წერენ, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდა უნდა არსებობდეს და ამ მიმართულებით არასრულწლოვანების დაცვა არ უნდა იყოს. ევროკომისია მოგვიწოდებს, გავაუქმოთ ის კანონები, რაც მოზარდებს იცავს და ეს არ მოხდება. ამავე დროს, მოგვიწოდებენ, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის ის კანონი, რომელსაც ახლა ევროპაში თავად იღებენ. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ახალი არ არის, მაგრამ საქართველოში ისევ დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ტრადიციებს.სამწუხაროდ, ჩიხური მდგომარეობა თავად ჰერჩინსკის აქვს, რადგან ვერ გამოვიდა იმ ნარატივიდან, რომ საქართველოში უნდა იყოს ლგბტ პროპაგანდა, ომი და თურმე ამის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში შეიყვანენ. ამის მაგალითები მოჰყავთ. როგორც უკრაინა არის დაწინაურებული, ისე უნდა იყოს საქართველოო. ჰერჩინსკის ქვეყანას, პოლონეთს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინას თავს დაატყდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლონელი ჩვენ ომს გვისურვებს. „დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის მიზნები ძალიან გაცვდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.4 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ „საქართველოში უკუსვლის საერთო დონე უპრეცედენტოა. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“.

რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს

რესტორანი „ქვევრი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად - მისი სიკეთე და თანაგრძნობა ყოველთვის გვახსოვს… სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გავუზიაროთ მათ სითბო და საკვები, როგორც ამას თვითონ ლაშა გააკეთებდა.თუ იცით ადგილები, სადაც ადამიანები საჭიროებაში არიან ოჯახები, მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა თავშესაფრები, ან ადამიანები, ვინც დახმარებას ელიან  - გთხოვთ, კომენტარებში დაგვიწერეთ ან მოგვწერეთ პირადში. მადლობას გიხდით დაფასებისთვის!“ - წერს რესტორნის ადმინისტრაცია.

ბოლო სიახლეები