რეჟიმი დროს წელავს. ვხედავთ, ამდენი თვეა, ფეხს ითრევს პარტიების აკრძალვაზე, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის კომისია ამისთვის შექმნეს. ხვდებიან, რომ ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში არ არიან, მორიგი რეპრესიული ნაბიჯი განახორციელონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „იციან, რომ ძალიან მძიმე შედეგები იქნება, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რადგან ეს ერთგვარი წითელი ხაზია და ოფიციალურად ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის გაფორმებას“.
„ამავდროულად, დღევანდელი განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ. დღეს ოპოზიციის ალიანსი არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდის მანძილზე და ეს განცხადება ამასაც უკავშირდება. ორი ფაქტორია – ერთი არის რეჟიმის შიში ოპოზიციური ერთიანობის მიმართ და მეორე, ისინი ცდილობენ, დრო მოიგონ. ტექნიკურად მოუწევთ ამ სარჩელის გამოტანა და ახლის შეტანა, თუ ახალი პარტიების დამატებას მართლაც გეგმავენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებათა შეცვლა ან დამატება“.

