ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებოდი, რომ წარმოუდგენელია, ევროპული ბიუროკრატია იყოს ისეთი მოუქნელი, რომ ვერ ახერხებთ, იმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესში, დაიცვათ ქართველი ხალხი და დაასანქციროთ რეჟიმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ამის თაობაზე იმედგაცრუება არ დაუმალავს.
„მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, აღნიშნულთან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ოპოზიციაში. რას ვლობირებდით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროკომისიასთან? მე ყოველთვის მქონდა პოზიცია, რომ ევროკავშირს უნდა მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხისთვის. ეს ძალიან კარგად იცის „ოცნებამ“. ახლაც გადასარევად იცის პროპაგანდამ, სინამდვილეში, რაზე ვმუშაობ, როდესაც დავდივართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევხვდით რადოსლავ სიკორსკის პოლონეთში, ვარშავაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ვესაუბრეთ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიეტუვაში, ვილნიუსში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ევროკომისიაში, მათ შორის რამდენიმე თვის წინ საკითხზე ორმხრივი შეხვედრა მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ისევე როგორც კაია კალასთან, საგარეო საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე გაფართოების კომისარ მარტა კოსთან, რომელმაც წარადგინა ძალიან მძიმე ანგარიში საქართველოზე. გაფართოების კომისარი არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია გაფართოების პოლიტიკაზე. ანუ მიიღებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს თავის დიდ პოლიტიკურ ოჯახში. ბრიუსელის გარდა, ბოლო შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა გერმანიაში, ბერლინში, მათ შორის საგარეო უწყებაში. რისთვის? რათა საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ ეს უმნიშვნელოვანესი სიკეთე, უვიზო მიმოსვლის სახით, რომლის მიღებასაც დასჭირდა მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მხრიდან და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნების გამოვლენა ევროკავშირისკენ სწრაფვის თვალსაზრისით. თუ ახლა დავკარგეთ უვიზო მიმოსვლის პრივილეგია, ამის რევერსირება, შეტრიალება მარტივი არ იქნება. ევროპარლამენტმა პოლონეთის პრეზიდენტობის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს მხოლოდ ტარგეტირებულად, ანუ მიზნობრივად კონკრეტულ ჯგუფებზე. მანამდე ეს შესაძლებელი არ იყო. ზუსტად ამას ვეუბნებოდი ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ წარმოუდგენელია, ევროპული ბიუროკრატია იყოს ისეთი მოუქნელი, რომ ხდება დიქტატურის კონსოლიდაცია საქართველოში, რომელიც არის პროევროპული ქვეყანა, რომლის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის საკუთარი თავისუფლების, რიგ შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად, რათა გავხდეთ თქვენი დიდი პოლიტიკური ოჯახის ნაწილი და იმის გამო, რომ ევროპული ბიუროკრატია ასეთი მოუქნელია, გაქვთ ორბანის ვეტო, ვერ ახერხებთ, იმოქმედოთ. იმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესში, დაიცვათ ქართველი ხალხი და დაასანქციროთ რეჟიმი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, „თქვენი ტონი მათთან საუბარშიც ასეთი მკაცრი იყო?“, ბოკუჩავამ აღნიშნა: „მინდა, გითხრათ, რომ, დიახ“.
კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ იღებდნენ ამას, ხომარ ღიზიანდებოდნენ, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ძალიან კარგად“.
„შეიძლება, თქვენთან კიდევ უფრო გულწრფელი ვარ ემოციაში, მაგრამ, მერწმუნეთ, არც იქ დამიზოგავს ერთგვარი იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირს სწორედ ბიუროკრატიის მოუქნელობა ვერ აძლევს მოქმედების თავისუფლებას, დაიცვას ქართველი ხალხის ეროვნული, ისტორიული მისწრაფება ევროკავშირისკენ, აამოქმედოს სასანქციო მექანიზმები“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

