საქართველოს სუვერენიტეტისთვის, საქართველოს ინტერესებისთვის მონოლითური და ერთპარტიული წყობა რომ დამაზიანებელია, ძალიან მკაფიო იყო წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ თუ, დღეს უკვე, ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებს ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია აქვთ, რაც ზეპარტიული საკითხების მოგვარებისთვის, როგორებიც არის არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, არის მნიშვნელოვანი.
„ნებისმიერი მცდელობა, რომ გარკვეული განხეთქილების შეტანის მცდელობა იყოს იმ საერთო მიზანში, რომელიც სრულიად საქართველოს აქვს ახალი არჩევნების დანიშვნასთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამ საკითხში კრიზისის დასაძლევად საუკეთესო გზაა ერთიანობა და ეს ზეპარტიული საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. თქვენ ნახეთ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრებიც ამ ზეპარტიულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, რა თქმა უნდა ის, რომ მონოლითური და ერთპარტიული წყობა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია, ვფიქრობ, ძალიან მკაფიო იყო წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ თუ, დღეს უკვე, ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, აბსოლუტური ნორმაა, რომ პარტიების მიერ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება.
„ეს არის გზა მრავალპარტიული მთავრობისკენ მომავალში, მაგრამ ზეპარტიულ საკითხებზე ჩვენ ვართ ერთიანები, ვმუშაობთ ერთად, რათა ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის, მათ შორის, კონსტიტუციური კრიზისი და კონსტიტუციური გადატრიალება, რაც ივანიშვილის რეჟიმმა განახორციელა, ამ საკითხებში არა მხოლოდ ერთად ვიყოთ, არამედ ერთად ვიმუშაოთ ქვეყნის ევროპული მომავლის და დემოკრატიული განვითარების დასაბრუნებლად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.