კვირა, მაისი 11, 2025

თენგიზ ცერცვაძე – მივმართავ მოსახლეობას, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების, ე.წ. ექსპერტების სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს

როგორ უმკლავდება ქვეყანა COVID პანდემიას, – ასეთი სათაურით ავრცელებს სოციალურ ქსელში პოსტს თბილისის ინფექციური საავადყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

„ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და ჩასაფრებული პირები, რომელთაც ძალიან უნდათ, რომ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან ცუდად მართავს COVID პანდემიას, ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 15 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა და ეს უტყუარი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს განიცდის და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოსახლეობა ბედის ანაბარად ჰყავს მიტოვებული. ხშირად იმეორებენ იმასაც, რომ COVID-ის გამო ქვეყანამ მეტი ადამიანის სოცოცხლე დაკარგა, ვიდრე აფხაზეთის ომში და ამაშიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელმძღვანელობა და ექიმებია დამნაშავე. უფრო მეტიც – ზოგიერთის ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ აცხადებს თითქოს ქვეყნის ხელმძღვანელობამ გამიზნულად გაწირა?! ადამიანები COVID-ით გარდაცვალებისთვის?! ეს ადამიანები სინდისთან რომ მწყრალად არიან, გასაგებია, მაგრამ მათი ფსიქიკური მდგომარეობაც აშკარად შესამოწმებელია.

არათუ 15 ათასი ადამიანის გარდაცვალება, არამედ თითოეული ადამიანის დაკარგვა უდიდესი ტკივილია მათი ოჯახებისთვის, ჩვენთვის – ექიმებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ არა იმ ერთი მუჭა ჩასაფრებული ადამიანებისათვის, რომლებიც ცდილობენ ამ სამწუხარო ფაქტის თავიანთი ბინძური მიზნებისთვის გამოყენებას.

მოდით ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სამწუხაროდ გარდაიცვალა 15 010 ავადმყოფი.

მსოფლიოს უძლიერეს და უძლიერესი ჯანდაცვის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებში:

ა.წ. 20 იანვარს COVID-გან გარდაიცვალა 3,172 ავადმყოფი

ა.წ. 25 იანვარს – 3,051 ავადმყოფი

ა.წ. 26 იანვარს – 3,408 ავადმყოფი

ა.წ. 27 იანვარს – 3124 ავადმყოფი

ა.წ. 28 იანვარს – 2,805 ავადმყოფი

ანუ, აშშ-ში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო ხუთ დღეში COVID-გან გარდაიცვალა 15,560 ავადმყოფი – უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 2 წლის მანძილზე. დიახ, რამდენადაც ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ამერიკაში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღის მანძილზე (ვიმეორებ მხოლოდ 5 დღეში) COVID-ით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე საქართველოში ორი წლის მანძილზე. გასაგებია, რომ ამერიკა მოსახლეობით ჩვენზე 85-ჯერ მეტია, მაგრამ მაინც. შეგვიძლია სხვანაირადაც დავთვალოთ: ა.წ. იანვრის ზუსტად იგივე დღეებში (ა.წ. 20, 25, 26, 27 და 28 იანვარს) საქართველოში COVID-ისგან გარდაიცვალა: შესაბამისად 27, 42, 39, 27 და 30 ავადმყოფი, სულ – 165 ავადმყოფი. თუ გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, ამერიკაში აღნიშნულ ხუთ დღეში ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაიცვალა 47 ავადმყოფი, ხოლოდ საქართველოში – ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაიცვალა 42 ავადმყოფი. კომენტარები ზედმეტია.

რაც შეეხება ომში დანაკარგს, საქართველომ აფხაზეთის ომში დაკარგა დაახლოებით 9000 ადამიანი, ხოლო COVID პანდემიისგან 15,010 (1.7-ჯერ მეტი). მაშინ როდესაც აშშ-მ მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა 405,000 ადამიანი ხოლო მთელი COVID პანდემიის მანძილზე – 907,190 ავადმყოფი (2,2-ჯერ მეტი). ასე, რომ ომში დანაკარგით სპეკულირებაც უადგილოა. მძიმე პანდემიების დროს დანაკარგი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე ომში. გავიხსენოთ, რომ 1918-1920 წლების ე.წ. ესპანური გრიპის პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში გრიპით გაცილებით მეტი ავადმყოფი გარდაიცვალა, ვიდრე მთლიანად პირველ მსოფლიო ომში.

აშშ-სთან შედარება ავიღეთ არა იმიტომ, რომ გვინდა დავაკნინოთ ამერიკის შესაძლებლობები ან მისი ჯანდაცვა, არამედ პირიქით – იმიტომ ავიღეთ, რომ ამერიკა არის მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო უძლიერესი ჯანდაცვის სისტემით და თან საქართველოსგან განსხვავებით სრულად ვაქცინირებული, რაც 10-ჯერ მაინც ამცირებს სიკვდილობას და მანაც კი ვერ აიცილა თავიდან COVID-ით გამოწვეული ძალიან სერიოზული დანაკარგები და რატომ თვლით, რომ საქართველოს შეეძლო აეცილებინა და რატომ ითხოვთ შეუძლებელს საქართველოს ხელმძღვანელობისგან და მისი ჯანდაცვის სისტემისგან, რომელიც ცალსახად აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და უფრო მეტსაც იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული, არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩეს ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე, რათა 21-ე საუკუნის უმძიმესი გამოწვევიდან – COVID-ის პანდემიიდან ქვეყანა გამოვიდეს მინიმალური დანაკარგებით. საქართველოს კლინიკებში ჰოსპტალიზებულ პაციენტებში საშუალო სიკვდილობა უფრო დაბალია, ვიდრე ევროპისა და მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში.

მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების, ე.წ. ექსპერტების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვის და პანიკის გამომწვევად. იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ“, – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის, შვეიცარიაში ჩინეთის წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრა შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოხდა „ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში“.„დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. განხილულ იყო მრავალი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმებები მრავალ სფეროში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ მიღწეულია „დიდი პროგრესი“.ცნობისთვის, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შვეიცარიაში შეხვდებოდნენ.

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები