დეპუტატ თემურ ჭკუასელის შეფასებით, რაც ქართულ ენასთან მიმართებაში ხდება, სრული კატასტროფაა. ამის შესახებ ჭკუასელმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
“წარწერები ქუჩებში, საუბარი ტელევიზიაში თუ საგაზეთო ჟურნალისტიკაში – ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“. ისე მახინჯდება და თვალსა და ხელს შუა ისე იცვლება სიტყვების მნიშვნელობა…მაგალითად, თბილისი გავსებულია “ელიტ ელექტრონიქსის“ რომელიღაც ტელევიზორის რეკლამით და ყველგან წერია: “მარტო შენთვის“. ამ დროს უნდა იყოს “მხოლოდ შენთვის“. არის რეკლამა და დღე და ღამე მღერიან ეთერში: “მიყვარს მარტო ზედაზენი“. მალე ალბათ ცნობილ რომანს “მხოლოდ შენ ერთს“ იმღერებენ – “მარტო შენ ერთს“. გარდა ამისა, აფთიაქში შეხვალ და წერია: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ერთხელ მწარედ ვკითხე: ქალბატონო, წინ მიიღება-მეთქი? არის წარწერა “კარები გააღეთ შიგნით“. შე დალოცვილო, დაწერე “შეაღე“ – ერთი სიტყვა სჭირდება ამას. არის ბევრი ისეთი წარწერა, რომელიც უცხოურიდან არის თარგმნილი და წინადადება, რომელსაც ქართულად 6 სიტყვა სჭირდება, არის 12-სიტყვიანი, რადგან თარგმნილია და თარგმნილია ცუდად“, – განაცხადა ჭკუასელმა.