აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ირანში იცოდნენ, რომ ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ თეირანი არ შეწყვეტს თავის ბირთვულ პროგრამას, – ეს განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ გააკეთა.
ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპის „საბოლოო მიზანია, უზრუნველყოს, რომ ირანმა ვერასოდეს მოიპოვოს ბირთვული იარაღი“ და რომ ტრამპს სჯერა დიპლომატიის, მაგრამ „ამჟამად ყველა ვარიანტი განიხილება“, თუ დიპლომატიური ძალისხმევა ჩაიშლება.
„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განუცხადა ირანელებს და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდიც ასევე იტყვის, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და ირანს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. თქვენ შეგიძლიათ, დაეთანხმოთ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას, ან ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოგიწევთ. პრეზიდენტს ძალიან მტკიცე პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევიტმა.
ცნობისთვის, 12 აპრილს ომანში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის დელეგაციასთან. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით.