სამშაბათი, აპრილი 29, 2025

თეა წულუკიანი – ჩვენს კომისიას უკვე 17 სხდომა აქვს ჩატარებული, გამოკითხულია 55 პირი, აქედან 30-მდე ადამიანი იყო დაზარალებული – ამ რიცხვში არ იგულისხმებიან ის პირები, ვინც უარი თქვა გამოცხადებაზე

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ბიუროს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიამ პლენარულ სხდომაზე უნდა წარადგინოს ანგარიში, მისი საქმიანობის შესახებ დღევანდელი დღის ჩათვლით.

„უკვე დადგა დრო, 10 აპრილის სხდომის შესაბამისად, მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს თხოვნით, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად განიხილოს საკითხი, ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. ამისათვის, რეგლამენტის 66-ე მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტს, კოლეგებს პლენარული სხდომის ფარგლებში უნდა ვუთხრათ სტატისტიკურად, რამდენი სხდომა ჩავატარეთ. გარკვეული ანგარიში უნდა წარვადგინოთ, რას ვსაქმიანობდით. ეს ანგარიში თავისი ციფრებით შედგა. ჩვენ ანგარიშში ვამბობთ იმას, თუ როდის შევიკრიბეთ პირველად, როგორი იყო თავდაპირველი შემადგენლობა, შემდეგ შემოგვემატა ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე, რამდენი ცვლილება შევიდა დებულებაში, როდის, რამდენი სხდომა ჩატარდა. დღევანდელი დღის ჩათვლით, 13 თებერვლიდან, ჩვენს კომისიას 17 სხდომა აქვს ჩატარებული. ეს პატარა რიცხვი არ არის. ვამბობთ იმასაც, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულია 55 პირი, დღევანდელი დღის ჩათვლით, რაც ასევე არ არის ცოტა. აქედან, 30-მდე პირი იყო დაზარალებული. ამ რიცხვში არ იგულისხმებიან ის პირები, ვინც უარი თქვა გამოცხადებაზე. ჩვენ ანგარიშში შეგვაქვს მათი გვარ-სახელები, ის ფაქტიც, რომ შემდგომი რეაგირებისთვის მათი საქმეები პროკურატურას გადაეგზავნა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმითვე, „კომისიის დასკვნის პროექტის წერა ამჟამად უკვე მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია, პირველ რიგში, წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარაზიტული ჭიები და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები თევზში – ცნობილია, ლაბორატორიული კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტომ მოქალაქეების შეტყობინებების საფუძველზე, თევზპროდუქტების მასიური არაგეგმური შემოწმება დაიწყო.იმისთვის, რომ თევზი უვნებლად ჩაითვალოს, მისი შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს მინუს 18 გრადუსიდან მინუს 20 გრადუსამდე. ამ შემთხვევაში, თევზპროდუქტები არ არის ეტიკეტირებული და დაუდგენელია მისი როგორც წარმომავლობა, ისე შენახვის ვადებიც. ასეთი დარღვევებისთვის რეალიზატორები სოლიდური სახდელით ჯარიმდებიან.თვალხილულ საფრთხეზე ინსპექტორები ადგილზევე რეაგირებენ, თუმცა იმის დასადგენად, არის თუ არა თევზპროდუქტები დაბინძურებული პარაზიტებით, მასალა ლაბორატორიაში მიაქვთ.საეჭვო თევზის ნიმუშები ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიღეს - როგორც საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან, ისე საწარმოებიდან და, რამდენიმე შემთხვევაში, საშიში პარაზიტებიც აღმოაჩინეს.ის, რაც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა რისკების დაზღვევა შესაძლებელია სწორი თერმული დამუშავებით - მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით ან პირიქით, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შოკური გაყინვით.ზოგადად, თევზპროდუქტები როგორც გაყინული, ისე ნედლი, ცოცხალი ან სულაც შებოლილი, მაღალი რისკის სურსათის ჩამონათვალშია. ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში.თევზის ის პარტია, რომელშიც სეს-მა საშიში პარაზიტები აღმოაჩინა, გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ მომხმარებელს სიფრთხილე მაინც მართებს. პირველ რიგში, შეძენა უნდა მოხდეს სანდო გამყიდველისგან, ყიდვისას უნდა დავაკვირდეთ განთავსების პირობებს და გავეცნოთ ეტიკეტს. საეჭვო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგვიძლია, მივმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე 1510.ვრცლად ↓

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის, ცეცხლი უნდა შეწყდეს, სულ მცირე, 30 დღით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გარანტირებულობა და სანდოობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 8 მაისს ცეცხლის შეყვეტის შესახებ განაცხადა.ზელენსკის თქმით,11 მარტის შემდეგ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო რუსეთი მუდმივად უარყოფდა ყველა შეთავაზებას და აშშ-ის მოტყუებას ცდილობდა.„ჩვენთვის ფასეული არის ადამიანის სიცოცხლე და არა აღლუმები. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, მსოფლიო ფიქრობს, რომ არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის. ცეცხლი უნდა შეწყდეს არა მხოლოდ რამდენიმე დღით, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ხელახლა დაიწყოს მკვლელობა, არამედ დაუყოვნებლივ, მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. სულ მცირე, 30 დღით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გარანტირებულობა და სანდოობა. ეს არის ის, რამაც შეიძლება, შექმნას საფუძველი რეალური დიპლომატიისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი ახალი დღე კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეალური, ხელშესახები ზეწოლა უნდა განხორციელდეს რუსეთზე, რათა მოსკოვში იძულებული გახდნენ, დაასრულონ ეს ომი.

“ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში, საბოლოოდ, ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ჩამოყალიბდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

"არ არის ერთპარტიულობა - ქვეყანაში არის მრავალპარტიულობა. ეს მრავალპარტიულობა გამოიხატება ბიზნესმენებშიც, მედიაშიც და უამრავ რამეში. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს მრავალპარტიულობა საქართველოში როგორ ვაქციოთ რეალურ მრავალპარტიულობად და არა ერთგვარ აგენტურულ, ძირგამომთხრელ პოლიტიკურ ტერორისტულ მოძრაობად. ეს არის საქართველოსთვის მთავარი. მრავალპარტიულობის გაუქმება კი არ არის ამოცანა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ამოცანა არის, რომ მრავალპარტიულობა გახდეს რეალურად მრავალპარტიულობა," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის"ეთერში ისაუბრა.მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებაა."როგორ უნდა გახდეს - ასეთი ტიპის პოლიტიკურ იდეოლოგიას და პარტიებს საქართველოში პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს და ამას არამარტო სამართლებრივი შეფასება სჭირდება, ამას სჭირდება პოლიტიკური და მორალური შეფასება და გაცნობიერება საზოგადოების მხრიდანაც. ეს თუ არ გაკეთდა, ისე სულ, მუდამ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო რომელიღაცა პოლიტიკური პარტია თუ პარტიები იტყვიან, რომ არ მოგვწონს ეს არჩევნები და ვიწყებთ რევოლუციას. სულ, მუდმივად ვიქნებით არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა.მუდმივად გამოჩნდება ან დასავლეთიდან, ან აღმოსავლეთიდან, ან ჩრდილოეთიდან, ან სამხრეთიდან პოლიტიკოსთა და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობენ ამ ქვეყანაში არასტაბილურობას, რადგან ყველას ინტერესში შედის არასტაბილურობა ამ ქვეყანაში, რადგან ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, რომ ყველას უნდა, თვითონ აკონტროლებდეს ამ ქვეყანას. ეს უნდა დამთავრდეს. ეს თუ არ დამთავრდება, ბანანის რესპუბლიკა მეტს კი არაფერს არ ნიშნავს?მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გაკოტრდება ეს პოლიტიკური მიდგომა. ასეთი პოლიტიკური მიდგომები უნდა გაკოტრდეს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში, საბოლოოდ, სწორედ ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ჩამოყალიბდეს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ესპანეთში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებმაც თავად მოითხოვეს ეს.„ბიბისი“ წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ დროისთვის მადრიდმა, ანდალუსიამ და ექსტრემადურამ მოითხოვეს.ამასთან, ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უკვე მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს აღუდგა.შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება.

გია ვოლსკი – საქართველოს აქვს პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით

საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი შეაფასა.მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება ხელისუფლების საგანგებო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.„ზოგადად, მნიშვნელობა აქვს იმ სიმბოლიზმს, რომელიც ამ ვიზიტს თან ახლავს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩავიდა ბაქოში, ჩამოვიდა ერევანში, დელეგაციასთან ერთად გარკვეულ საკითზებზე საუბარია, მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რეგიონში უსაფრთხოებისათვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარებით, ურთიერთობების მოგვარებით.ვფიქრობ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც გამოხატავს ამ დამოკიდებულებას, იგივე დამოკიდებულებას რომელიც სულ ახლახანს თბილისში ყოფნის დროს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენი ამ დამოკიდებულების. სამეზობლოში ურთიერთობების განვითარება, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორთან, არის ჩვენი საგანგებო ინტერესის სფერო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  ყაველაშვილს სომხეთის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდება.

ბოლო სიახლეები