ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე: ის აუცილებლად იქნება ჩვენი ისტორიის შავი ფურცელი

ის აუცილებლად იქნება ჩვენი ისტორიის შავი ფურცელი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 30 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და მას დაუდგება მძიმე ჟამი, რადგან ისტორია შეაფასებს მის მოღვაწეობას, რომელმაც დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას.

„როდესაც 30 დეკემბერს უკვე გავისტუმრებთ იმ პრეზიდენტს, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მოუტანა საქართველოს, მინდოდა მეთქვა თავის ქვეყანას მეთქი მაგრამ ეს მას არ ეკუთვნის, ჩვენ შევძლებთ მშვიდ პირობებში და ახალი შესანიშნავი საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ და ჩვენი სახელმწიფო შევაყენოთ კვლავ იმ გზაზე, რომლიდანაც სალომე ზურაბიშვილი ბევრს ეცადა, რომ გადავეყვანეთ მაგრამ ვერ გადაგვიყვანა. რა თქმა უნდა, მისთვის მძიმე ჟამი დება. იმიტომ, რომ სწორედ ის ახალგაზრდები და მეც, იმიტომ, რომ მასზე ბევრად ახალგაზრდა ვარ, შევაფასებთ მან რა დაუზიანა საქართველოს და ის აუცილებლად იქნება ჩვენი ისტორიის შავი ფურცელი. მაგალითად, ერთ-ერთი შეფასება რაც არის და მე მას შევახსენებ, რომ მე მასზე ახალგაზრდა ვარ, მისგან განსხვავებით საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და ფესვები ღრმად მაქვს გადგმული ამ ქვეყნის მიწაში მისგან განსხვავებით, ჩემი შეფასება არის ის, რომ ის ტრავმა რაც მას და მის ოჯახს ჰქონდათ მიღებული 1920 -იან წლებში, მან გადაწყვიტა, რომ ჩვენს ქვეყანაზე და იმ ხალხზე ვინც აქ დარჩა, იომა, იბრძოლა, განადგურდა და მაინც გადარჩა შური ეძია. ეს ამას ჰგავს და დაემტკიცებინა, რომ ის დაბრუნდა, რომ ის დაბრუნდა დიდებით და გვმართა ისე, რომ გვასწავლა ჭკუა და დაგვაყენა ისეთი ქართველები, როგორიც მას წარმოედგინა 1920-იან წლებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილის მუქარასაც გამოეხმაურა, რომ ის პრეზიდენტის სასახლეს არ დატოვებს.

„ეს რა თქმა უნდა დიდ კურიოზად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მან უკვე ბევრჯერ შეგვარცხვინა საერთაშორისო ასპარეზზე. ქურთუკის სახელოზე ექაჩებოდე ახალ არჩეულ დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტს და სამად იკეცებოდე, ეს არ არის ქართველი ქალის ქცევა ტრადიციისამებრ, რომელიც მისთვის როგორც ჩანს უცხოა. არავითარი სიღრმისეული განხილვები ფეხზე დგომით არ ხდება. ეს არის მოჩვენებითი რეალობა, რომელიც მან შექმნა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ამ მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. შეხვედრისას ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

სალომე სამადაშვილი: ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, მანდატი ყველას გაუუქმეს, საინტერესოა, სიის ჩახსნას აპირებენ თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ

 ახლა, როდესაც გიორგი გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, ამას რატომ არ აკეთებენ?“, – წერს სალომე სამადაშვილი. პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი – ველოდებით, რომ ჩვენი პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილებას „ქართული ოცნება“ მაისში თავად შეგვიწყვეტს

ველოდებით, რომ  ჩვენი პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილებას „ქართული ოცნება“ მაისში თავად შეგვიწყვეტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. ცქიტიშვილმა აღნიშნა,  არ მისცემენ ფუფუნებას, თავად პარტიამ დაწეროს განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე. „სავარაუდოდ, ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება. იმის ფუფუნებას არ მივცემთ, რომ განცხადება დავწეროთ და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერონ უფლებამოსილება. თუ უნდათ შეაჩერონ და თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი დახმარების გარეშე, ამას ველოდებით მაისისთვის“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

13 თებერვალს ევროპარლამენტში კენჭი ეყრება რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ მთავარი საკითხია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს. "მთავარი საკითხია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს, თუმცა საქართველო 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში არ არის", - წერს იოზვიაკი X-ზე.    

რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა – შეჩერებულია ფრენები

რომში, ჩამპინოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა. იტალიური მედია წერს, რომ ქართველმა კაცმა საკონტროლო კოშკში შეაღწია და ცეცხლი გააჩინა. მათივე ცნობით, აეროპორტში, საკონტროლო კოშკი ხანძრის გამო ამ დრომდე ევაკუირებულია. მომხდარის გამო შეჩერდა აეროპორტმა ფრენები და მგზავრთა მიღება დროებით შეაჩერა. ადგილობრივმა პოლიციამ ქართველი დააკავა, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

ბოლო სიახლეები